ჰექსა ვაქცინა კომბინირებული ვაქცინაა, ერთი აცრით კეთდება დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, B ჰეპატიტის, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B-ს, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინები.
ჰექსა ვაქცინა კეთდება 2-3 და 4 თვეზე.
რისგან გვიცავს ჰექსა ვაქცინა?
ტეტანუსი და დიფთერია
დიფთერია მძიმე ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც გართულების შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშია. ეს ინფექცია ადამიანებს შორის წვეთოვანი გზით ვრცელდება და ადრე მას “ბავშვობის უბედურებას” უწოდებდნენ. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობდა ბავშვებში და ხშირად სწრაფად ვრცელდებოდა სკოლებში. იმ პერიოდში დიფთერიას აღწერდნენ შემდეგი სიტყვებით: „ინფექცია შემზარავი გზით მოქმედებს, ერთდროულად წამლავს მსხვერპლს და თან ნელ-ნელა ახშობს მას, რადგან ბაქტერიების ფენა ყელში სქელ საცობად გარდაიქმნება“. ეფექტური ვაქცინის შექმნამდე დიფთერიით ათიათასობით ადამიანი იღუპებოდა ყოველწლიურად, თუმცა დღეს ეს დაავადება პრაქტიკულად აღარ არსებობს.
ტეტანუსი, იგივე “ჭვალის დაავადება,” ბაქტერიით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც ორგანიზმში დაბინძურებული ჭრილობებიდან აღწევს. ის ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ძლიერი კუნთების სპაზმებს იწვევს, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ტეტანუსი გარემოს დაბინძურებული ნიადაგით, მტვრით ან ნარჩენებით ინფიცირებული ჭრილობიდან ვრცელდება, თუმცა პირიდან პირის გადადება არ ხდება.
ტეტანუსისა და დიფთერიით დაინფიცირების, მათი გართულებებისა და შესაძლო სიკვდილის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება ვაქცინაციაა. ამ ორი ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ ინექციად ტარდება, რაც ზრდის ვაქცინაციის სიხშირის შესრულების ეფექტურობას.
ყივანახველა
ყივანახველა არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია Bordetella pertussis-ის მიერ. ეს დაავადება განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ჩვილებს და ბავშვებს, რადგან ის იწვევს ძლიერ, გახანგრძლივებულ ხველას, სუნთქვის გაძნელებას და ზოგჯერ სასუნთქი გზების გართულებებს, რაც ფატალურიც კი შეიძლება იყოს.
ყივანახველას პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმში იმუნიტეტის ჩამოყალიბებას დაავადების გამომწვევის წინააღმდეგ.
ვაქცინაციის სქემა საქართველოში:
ყივანახველას საწინააღმდეგო აცრები ტარდება კომბინირებული ვაქცინებით 2, 3 და 4 თვის ასაკში (ჰექსა) და 18 თვის ასაკში და 5 წლის ასაკში დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი და პოლიომიელიტის ვაქცინასთან კომბინაციაში.
გახსოვდეთ, ყივანახველა განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისთვის, რადგან მათი სასუნთქი სისტემა ჯერ კიდევ სრულად განვითარებული არ არის და დაავადებამ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს.
B ჰეპატიტი
B ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ღვიძლის ანთებას იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფექცია თვითგანკურნებადია და სპეციფიკური ჩარევის გარეშე იხსნება, მაგრამ ზოგჯერ ვირუსი ღვიძლში რჩება და იწვევს ქრონიკულ ანთებას (ქრონიკული ჰეპატიტი). ასეთ შემთხვევებში 25%-მდე არსებობს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი.
B ჰეპატიტი ვრცელდება ინფიცირებული ადამიანის სისხლითა და ბიოლოგიური სითხეებით და შესაძლოა გადაეცეს ორსული დედისგან ახალშობილზე (ვერტიკალური გადაცემა). რაც უფრო მცირე ასაკში ხდება დაინფიცირება, მით უფრო მაღალია ქრონიკული B ჰეპატიტის განვითარების რისკი. ამ დაავადების სპეციფიკური მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს, თუმცა მისი პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა.
ვაქცინაციის სქემა
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება:
- დაბადებიდან პირველ 12 საათში,
- შემდეგ 2, 3 და 4 თვის ასაკში (ჰექსა ვაქცინა)
ამ ოთხი დოზის შემდეგ ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში დაცულია B ჰეპატიტის ვირუსისგან მაღალი ეფექტურობით.
ასევე იხილეთ: ამბავი კიბოს პირველი ვაქცინის შექმნისა – https://civil.ge/ka/archives/586010
B ჰეპატიტი – სტუმარი მაია ბუწაშვილი | ჯანმრთელობის დღიურები https://www.youtube.com/watch?v=B7LEBW5mc74&t=18s
ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B
ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B (Hib) არის ბაქტერია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სერიოზული ინფექციური დაავადება, მათ შორის:
- მენინგიტი (ტვინის გარსების ანთება),
- ეპიგლოტიტი (ხმის იოგების გარშემო ქსოვილის ანთება, რამაც შეიძლება სასუნთქი გზების დახშობა გამოიწვიოს),
- ფილტვების ანთება და
- სისხლის ინფექციები (სეფსისი).
ეს ინფექციები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არ არის სრულად განვითარებული.
ვაქცინაცია Hib-ის წინააღმდეგ
ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება ჰექსა ვაქცინით.
პოლიომიელიტი
პოლიომიელიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას და მძიმე შემთხვევებში იწვევს პარალიზს ან სიკვდილს. პოლიომიელიტი ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით ან ინფიცირებულ პირებთან მჭიდრო კონტაქტით. ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ ასაკში გავრცელდეს.
ვაქცინაცია პოლიომიელიტის წინააღმდეგ
პოლიომიელიტის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციის საშუალებით, რაც დაავადების გავრცელების შეჩერებისა და მძიმე გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზაა.
აცრები ტარდება კომბინირებული ვაქცინებით 2, 3 და 4 თვის ასაკში (ჰექსა) და 18 თვის ასაკში და 5 წლის ასაკში დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი და პოლიომიელიტის ვაქცინასთან კომბინაციაში.
რატომ არის პოლიომიელიტის ვაქცინა მნიშვნელოვანი?
- პარალიზის თავიდან აცილება: პოლიომიელიტი შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი პარალიზი, განსაკუთრებით ბავშვებში. ვაქცინაცია უზრუნველყოფს დაცვას ამ მძიმე გართულებისგან.
- პოლიომიელიტის ელიმინაცია: ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროგრამების შედეგად პოლიომიელიტის შემთხვევები მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა დაავადების სრული აღმოფხვრა კვლავ გამოწვევად რჩება.
- საზოგადოებრივი იმუნიტეტი: ვაქცინაცია არა მხოლოდ იცავს ინდივიდს, არამედ ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების შეჩერებას საზოგადოებაში.