2025 წლის 22 ივლისს ჟურნალ Nature Biomedical Engineering-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში მეცნიერები ვაქცინაციის სრულიად უჩვეულო, ახალ მეთოდს წარმოგვიდგენენ – კბილების საწმენდი ძაფის (ფლოსის) გამოყენება ნემსის ნაცვლად.
მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ძაფი, რომელიც დაფარულია გრიპის ინაქტივირებული ვირუსით. მისი გამოყენებისას ვაქცინის ნაწილაკები აღწევენ კბილსა და ღრძილს შორის მდებარე ღარის (Gingival Sulcus) უკიდურესად ქვემო ნაწილში არსებულ შემაერთებელ ეპითელიუმში (Junctional Epithelium). ეპითელიუმი არის ქსოვილი, რომელიც ფარავს ჩვენი ოგანოების ზედაპირებს – მაგალითად ფილტვებს, კუჭს, ნაწლავებს. უმეტეს შემთხვევაში ეს ქსოვილები ქმნიაენ მყარ ბარიერს და არ უშვებს მავნე ნივთიერებებს და მიკრობებს სისხლში. მაგრამ კბილსა და ღრძილს შორის არსებული ღარის ფსკერზე მდებარე დამაკავშირებელი ეპითელიუმი სხვაგვარად არის მოწყობილი – მას ასეთი ძლიერი ბარიერი არ აქვს. სწორედ ამიტომ, აქ გარედან შეღწევადობა მაღალია და უფრო მარტივად ხვდება ჩვენი ორგანიზმის იმუნური უჯრედებიც, რომლებიც იბრძვიან მიკრობების წინააღმდეგ. ეს უჯრედები გვხვდება როგორც ნერწყვში, ასევე კბილებსა და ღრძილებს შორის. შესაბამისად, აქ შეყვანილი ანტიგენი (ვაქცინის კომპონენტი, რომელსაც ჩვენი იმუნური პასუხი აღიქვამს), სწრაფად იწვევს იმუნურ პასუხს.

„ლორწოვანი ზედაპირები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ინფექციების, მაგალითად გრიპისა და COVID-ის, მთავარი კარიბჭეა,“ – ამბობს ჰარვინდერ სინგ გილი, კვლევის ხელმძღვანელი. „როცა ვაქცინა ინექციით შეჰყავთ, ანტისხეულები ძირითადად სისხლში წარმოიქმნება და ლორწოვან ზედაპირზე მათი რაოდენობა მცირეა.
თუ ვაქცინას ლორწოვანი ზედაპირიდან შევიყვანთ, ანტისხეულები წარმოიქმნება როგორც სისხლში, ასევე ლორწოვანზეც. ეს აუმჯობესებს ორგანიზმის თავდაცვას, რადგან პათოგენთან შეხებისთანავე ჩნდება დამატებითი დამცავი ხაზი.“
ცნობისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაზალური სპრეის ფორმა დამტკიცებულია მსოფლიოს მრავალ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში და ევროპის არაერთ ქვეყანაში.
როგორ ჩატარდა კვლევა?
ლაბორატორიულ სამოდელო თაგვებს, ორკვირიანი შუალედით, ორჯერ ჩაუტარეს ვაქცინაცია ფლოსის საშუალებით. ფლოსით ვაქცინის შეყვანა შეადარეს სხვა ტრადიციულ მეთოდებს: ვაქცინის შეყვანა ენის ქვეშ (სუბლინგვურად), ნაზალურ (ცხვირის) ლორწოვან გარსზე და ვაქცინის პირდაპირ დაწვეთება ღრძილებზე. ფლოსის მეთოდმა ეფექტურობით აჯობა ვაქცინის დაწვეთებას პირდაპირ ღრძილებზე და დაახლოებით გაუთანაბრდა ცხვირის ლორწოვანზე შეყვანილ ვაქცინაციას. ენის ქვეშ დასაწვეთებელმა (სუბლინგვალური) ვაქცინებმა თაგვებში ყველაზე სუსტად იმოქმედა. ექსპერიმენტის ფარგლებში ზოგიერთ თაგვს ვაქცინა საერთოდ არ მიუღია. ერთი თვის შემდეგ მეცნიერებმა თაგვები გრიპის ლეტალურ ვირუსთან კონტაქტში შეიყვანეს. შედეგი მოულოდნელი იყო – ყველა ვაქცინირებულმა თაგვმა მოახერხა გადარჩენა, ხოლო საკონტროლო ფრთის (თაგვები, რომელთაც არ მიუღიათ ვაქცინა) თაგვებიდან ვერცერთი გადაურჩა ინფექციას.
ვაქცინირებულ ცხოველებში აღინიშნა:
-
ძლიერი იმუნური პასუხი არა მხოლოდ სისხლში, არამედ ფილტვებში, ნერწყვში, განავალში და ძვლის ტვინში;
-
ანტისხეულებისა და T-ლიმფოციტების მკვეთრი მატება, რაც მიუთითებს როგორც ადგილობრივ, ასევე სისტემურ დაცვაზე.
მეცნიერები ძლიერი იმუნური პასუხის გამომუშავებას ღრძილების ღარში არსებული დამაკავშირებელი ეპითელიუმის თავისებურებებით ხსნიან, რაზეც ჩვენ თავში უკვე ვისაუბრეთ. საგულისხმოა ისიც, რომ პერორალური ვაქცინების გამოყენების დროს, ეფექტიანობის შესანარჩუნებლად, ვაქცინაციის შემდეგ კვებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს. ფლოსით ვაქცინაციის შემთხვევაში კი იმუნური პასუხის ეფექტურობა არ დაქვეითებულა იმ თაგვებში, რომლებიც ჩვეულებრივად იკვებებოდნენ ვაქცინაციის შემდეგ.
ადამიანებზე ექსპერიმენტის პირველი ნაბიჯი
ვინაიდან ადამიანებისთვის ვაქცინით დაფარული ძაფის თითებით დაჭერა და გამოყენება პრაქტიკული არ იქნებოდა, მეცნიერებმა სპეციალური ფლოს-პიკები გამოიყენეს (პატარა პლასტმასის ჩხირი, რომლის ბოლოში ძაფია გაჭიმული). ფლოს-პიკების ძაფი დაფარეს ფლუორესცენტული საღებავით და 27 მოხალისეს სთხოვეს, ეცადათ საღებავი ღრძილის ღარში შეეტანათ.
აღმოჩნდა, რომ საშუალოდ საღებავის 60% მართლაც ხვდებოდა ღარში, რაც მიუთითებს, რომ მიდგომა შესაძლოა ადამიანებისთვისაც ეფექტიანი იყოს.
კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ტექნიკას დიდი უპირატესობები ექნება:
-
პრაქტიკული გამოყენება;
-
ნემსის შიშის გვედის ავლა;
-
კონკურენტუნარიანი ფასი სხვა მეთოდებთან შედარებით.
- შეიძლება მარტივად მოხდეს დისტრიბუცია (მაგალითად, ფოსტით გამოგზავნილი კომპლექტებით)
- ავითარებს ძლიერ ლოკალურ და სისტემურ იმუნიტეტს, რაც განსაკუთრებით ეფექტურია რესპირაციული ვირუსების წინააღმდეგ
თუმცა გარკვეული შეზღუდვებიც არსებობს – ეს მეთოდი სავარაუდოდ არ იმუშავებს ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში, რომლებსაც კბილები ჯერ არ ამოსვლიათ. გარდა ამისა, ჯერ კიდევ უნდა გაირკვეს, რამდენად ეფექტურია ეს მიდგომა ადამიანებში, რომელთაც აქვთ ღრძილების დაავადება ან სხვადასხვა ტიპის ინფექცია პირის ღრუში.
რა იგეგმება მომავალში?
მეცნიერები ახლა ამ მეთოდს ცდიან უფრო დიდი ზომის ცხოველებზე, რაც სამზადისი იქნება ადრეული ფაზის კლინიკური კვლევებისთვის ადამიანებში.
„შედეგები ოპტიმისტურად განგვაწყობს და შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა ადამიანებში კლინიკური კვლევა იყოს,“ – ამბობს გილი.
თუ ეს მიდგომა ეფექტიანი და უსაფრთხო აღმოჩნდა ადამიანებში, ერთ დღეს ვაქცინა შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტისას ან უბრალოდ ფლოსის გამოყენებით მიიღოთ, რაც რადიკალურად შეცვლის იმუნიზაციის პრაქტიკას და შეამცირებს იმ ადამიანების რიცხვს, ვინც ნემსის შიშის გამო აცრებს თავს არიდებს.




