აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) გასულ კვირას გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნა ფარმაცევტულ გიგანტებს, “Eli Lilly”-ს და “Novo Nordisk”-ს, ასევე ტელემედიცინის კომპანია “Hims & Hers Health”-ს. ეს ნაბიჯი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ახალი აღმასრულებელი ბრძანების ნაწილია, რომელიც მედიკამენტების შეცდომაში შემყვანი რეკლამის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას ისახავს მიზნად.
FDA-ს წერილებში საუბარია წონის კლების ბესტსელერ მედიკამენტებზე, როგორიცაა “Zepbound”, “Mounjaro”, “Wegovy” და “Ozempic”.
მარეგულირებლის მტკიცებით, “Eli Lilly”-სა და “Novo Nordisk”-ის წარმომადგენლებმა გახმაურებულ მედია ინტერვიუებში, მათ შორის ოპრა უინფრის 2024 წლის გადაცემაში, ისაუბრეს თავიანთი მედიკამენტების სარგებელზე. თუმცა, FDA-ს თანახმად, მათ მიჩქმალეს ან დააკნინეს სერიოზული უსაფრთხოების რისკები, მათ შორის ე.წ. “შავი ყუთის” გაფრთხილებები.

ოპრა უინფრი თავის სპეციალურ გადაცემაში “სირცხვილი, დადანაშაულება და წონის კლების რევოლუცია”, 2024 წლის მარტი. გადაცემა მიეძღვნა “ოზემპიკისა” და “მონჯაროს” მსგავსი მედიკამენტების ფენომენს და მათ გარშემო არსებული სტიგმის განხილვას.
“Eli Lilly”-ს წარმომადგენელმა (Mounjaro-ს მწარმოებელი) განაცხადა, რომ FDA-ს წერილი ეხებოდა დამოუკიდებელი მედიის მიერ ჩატარებულ ინტერვიუებს, რომელთა სარედაქციო კონტროლი კომპანიას არ გააჩნდა და შესაბამისად, მათ რეკლამად არ განიხილავდა.
ტელემედიცინის კომპანია “Hims”-ის შემთხვევაში, მარეგულირებელმა განაცხადა, რომ კომპანიის ვებსაიტზე აღმოაჩინა ყალბი ან შეცდომაში შემყვანი მტკიცებულებები მის მიერ შემოთავაზებულ სემაგლუტიდის კომპაუნდურ (ინდივიდუალურად დამზადებულ) პროდუქტებზე.
FDA-ს ხელმძღვანელმა, მარტი მაკარიმ, გასულ კვირას განაცხადა, რომ კომპანიებმა საზოგადოებას მედიკამენტების დაბალანსებული სურათი უნდა წარუდგინონ და დაიცვან სარეკლამო წესები, მათ შორის ყველა გვერდითი ეფექტის მითითებით. მისი თქმით, FDA დაახლოებით 100-მდე “შეწყვიტე და თავი შეიკავეს” ტიპის შეტყობინებას და ათასობით წერილს გაგზავნის.
სააგენტომ კომპანიებს პასუხისთვის 15 სამუშაო დღე მისცა და განაცხადა, რომ დარღვევების გამოსწორების გარეშე შესაძლოა სამართლებრივი ზომები მიიღოს, მათ შორის პროდუქციის კონფისკაცია. “Hims & Hers”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ დუდუმმა, განაცხადა, რომ კომპანია ითანამშრომლებს მარეგულირებელთან მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.




