ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) 2025–2026 წლის სეზონზე COVID-19-ის საწინააღმდეგო განახლებული ვაქცინები დაამტკიცა, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. გადაწყვეტილება ქვეყანაში უკვე ფართო დისკუსიას იწვევს.
ვისთვის არის დაშვებული ვაქცინაცია
FDA-ს გადაწყვეტილებით, Pfizer-BioNTech-ის ახალი ვაქცინა (“Comirnaty“) ნებადართულია 65 წელს ზემოთ ასაკის მოზრდილებისთვის, ასევე 5–64 წლამდე პირთათვის, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ზრდის მძიმე COVID-ის განვითარების რისკს.
Pfizer-ის ვაქცინა მიზნად ისახავს LP.8.1 ქვე-ხაზის წინააღმდეგ დაცვას, რომელიც JN.1 ვარიანტის შთამომავალია და ამჟამად დომინანტურ შტამად ითვლება.
Moderna-ს ვაქცინის მიღება შეეძლებათ 6 თვის და ზემოთ ასაკის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს, ხოლო Novavax-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 12 წლის ზემოთ პირებისთვის.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივანმა, რობერტ ფ. კენედი უმცროსმა (RFK Jr.), X-ის საკუთარ პოსტში დაწერა, რომ “ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისთვის, ვინც ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს მათ მიღებას.“
ბავშვები და ახალგაზრდები – სად არის შეზღუდვა
ჯერჯერობით ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს ვაქცინა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეეძლებათ. სწორედ ამან გამოიწვია მწვავე კრიტიკა ამერიკის პედიატრთა ასოციაციის (AAP) მხრიდან. ასოციაციის პრეზიდენტმა, სიუზან კრესლიმ FDA-ს გადაწყვეტილება “ღრმად შემაშფოთებლად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ბარიერი ბავშვების COVID-ვაქცინაციაში “სერიოზულ საფრთხეს ქმნის როგორც მათთვის, ისე მათი ოჯახებისთვის“.
AAP-ის წლიური იმუნიზაციის განრიგი კვლავ მოიცავს COVID-19 ვაქცინაციას:
-
6–23 თვის ბავშვებისთვის – უნივერსალურადრეკომენდებულია;
-
2–18 წლის ასაკში – რეკომენდებულია მაღალი რისკის ჯგუფებში, მჭიდროდ დასახლებულ პირობებში და როდესაც პირს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არასდროს აქვს მიღებული.
ორსულები და სხვა ჯგუფები
აშშ-ის წამყვანმა სამედიცინო ორგანიზაციებმა საკუთარი რეკომენდაციებიც გამოაქვეყნეს, რაც იშვიათად ხდება, რადგან ტრადიციულად ისინი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მითითებებს ითვალისწინებდნენ.
-
ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი (ACOG) აცხადებს, რომ COVID-ის განახლებული ვაქცინით იმუნიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დაგეგმვის, ლაქტაციისა და პოსტპარტუმ პერიოდში.
-
ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯმა ვაქცინის (COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად, რეკომენდაცია ეხება რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის და გრიპის ვაქცინებსაც) მიღების რეკომენდაცია გასცა გულის დაავადების მქონე პაციენტებისთვის.
CDC-ის როლი და შესაძლო ბარიერები
FDA-ს გადაწყვეტილების შემდეგი ეტაპი, როგორც წესი, CDC-ის ვაქცინაციის საკონსულტაციო კომიტეტის (ACIP) მიმოხილვაა, რომელიც საბოლოო რეკომენდაციებს გასცემს. თუმცა, ივნისში RFK Jr.-მა კომიტეტის ყველა, 17-ვე წევრი გაათავისუფლა და საკუთარი კანდიდატებით ჩაანაცვლა, რომელთაგან მრავალი წარსულში ვაქცინაციის სკეპტიციზმით გამოირჩეოდა.
ეს ცვლილება შესაძლოა სერიოზული შედეგების მომტანი იყოს. ვაქცინების ხარჯის დაფარვა ხშირად დამოკიდებულია CDC-ის საკონსულტაციო კომიტეტის (ACIP) რეკომენდაციებზე. თუ ახალი COVID-ვაქცინები კომიტეტის მხრიდან არ მიიღებს ოფიციალურ მხარდაჭერას, პაციენტებს შესაძლოა საკუთარი ჯიბიდან მოუწიოთ გადახდა, ვაქცინის საფასური კი კერძო სექტორში ერთ დოზაზე 140 დოლარს აღემატება. იგივე საფრთხე არსებობს ფედერალური პროგრამისთვის “Vaccines for Children“ (VFC), რომელიც ჩვეულებრივ უფასოდ უზრუნველყოფს ვაქცინებს ბავშვებისთვის.
რატომ არის გადაწყვეტილება საკამათო
აქამდე CDC COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უწევდა 6 თვის და უფროსი ასაკის ყველა პირისთვის. ახლა კი რეკომენდაცია “შეთანხმებული კლინიკური გადაწყვეტილების“ მოდელით შეიცვალა: ვაქცინაცია უნდა გადაწყდეს ექიმთან და პაციენტთან დიალოგის საფუძველზე.
სპეციალისტების გაფრთხილებით, ასეთმა მიდგომამ შეიძლება საზოგადოებაში დაბნეულობა გაზარდოს და ბავშვებისა და ორსულებისთვის დამატებითი რისკი შექმნას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში უკვე შეინიშნება SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტის გავრცელებ. ამასთან, სამხრეთის შტატებსა და კალიფორნიაში COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მცირედით მატულობს.




