აგვისტოში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიას ულტიმატუმი წაუყენა: 29 სექტემბრამდე შეემცირებინათ აშშ-ში წამლების ფასები. სექტემბრის ბოლოს, ვადის ამოწურვის შემდეგ, ინდუსტრიის პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდა: კომპანია AbbVie-მ განაცხადა, რომ თავის კიბოს უახლეს წამალს დიდ ბრიტანეთში აშშ-ის მაღალი ფასით გამოუშვებს.
ულტიმატუმი ვაშინგტონიდან
კონფლიქტი ივლისის ბოლოს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა წერილები გაუგზავნა 17 კომპანიის, მათ შორის “Eli Lilly”-ს, “Merck”-ისა და “AbbVie”-ს, აღმასრულებელ დირექტორებს. ეს ნაბიჯი ტრამპის მიერ მაისში ხელმოწერილი “ყველაზე ხელსაყრელი ერის” პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ში წამლების ფასების გათანაბრებას იმ უმდაბლეს ფასებთან, რომელსაც სხვა მაღალშემოსავლიანი ქვეყნები იხდიან.
“თუ თქვენ უარს იტყვით ამ ნაბიჯის გადადგმაზე, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს არსენალში არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რათა დავიცვათ ამერიკელები წამლების მტაცებლური ფასებისგან”, – ნათქვამი იყო ტრამპის წერილში, რომელშიც კომპანიებს 29 სექტემბრამდე მისცეს ვადა.
ინდუსტრიის მოულოდნელი პასუხი
ვადის ამოწურვის შემდეგ, 30 სექტემბერს, AbbVie-მ გამოაცხადა, რომ თავის ინოვაციურ, საკვერცხის კიბოს სამკურნალო მედიკამენტ Elahere-ს დიდ ბრიტანეთში იმავე ფასად გამოუშვებს, რა ფასიც მას აშშ-ში აქვს. ეს გადაწყვეტილება არის ტრამპის პოლიტიკის ერთგვარი შებრუნება. იმის ნაცვლად, რომ შეამციროს მაღალი ფასი აშშ-ში, კომპანია ახალ წამალს სხვა ქვეყანაში ნერგავს აშშ-ის მაღალი ფასით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა: გასულ კვირას, Bristol Myers Squibb-მაც გამოაცხადა, რომ თავის შიზოფრენიის წამალს ბრიტანეთში აშშ-ის ფასით გამოუშვებს.
ამჟამად, AbbVie მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანეთის ჯანდაცვისა და მზრუნველობის სრულყოფის ეროვნულ ინსტიტუტთან (NICE), რომელიც წამლების ფინანსურ ეფექტიანობას აფასებს. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული Elahere-ის ბრიტანულ ბაზარზე გამოჩენა.
Elahere, რომელიც აშშ-ში 2022 წლიდანაა ხელმისაწვდომი, მიეკუთვნება მკურნალობის ახალ კლასს, რომელსაც ანტისხეულ-წამლის კონიუგატები, ანუ “თვითდამიზნებადი რაკეტები” ეწოდება. ეს პრეპარატები ზუსტად ამოიცნობენ და თავს ესხმიან კიბოს უჯრედებს, რითაც პოტენციურად ამცირებენ ჯანმრთელი უჯრედების დაზიანებას.




