საფრანგეთში პირველად მსოფლიოში დადასტურდა ადამიანის ინფიცირება Shamonda-ს ვირუსით, რომელიც აქამდე მხოლოდ ცხოველებში იყო გამოვლენილი. ინფექცია აღმოაჩნდა მძიმე ავადმყოფობის მქონე პაციენტს, რომელიც ლიონის საავადმყოფოში მკურნალობდა და ოქტომბრის დასაწყისში გარდაიცვალა.
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 22 ოქტომბერს საფრანგეთის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის უწყებებმა გაავრცელეს. განცხადება გამოაქვეყნა დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმაც (ECDC).
რა არის Shamonda-ს ვირუსი?
Shamonda ორთობუნიავირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. ის პირველად 1960-იანი წლების შუა პერიოდში ნიგერიაში აღმოაჩინეს.
მომდევნო ათწლეულებში ვირუსი სხვადასხვა დროს გამოვლინდა აფრიკის რამდენიმე რეგიონსა და იაპონიაში, ძირითადად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში.
ცხოველებს შორის ვირუსი ვრცელდება Culicoides-ის გვარის მცირე ზომის მკბენარა მწერების საშუალებით. ეს მწერები კოღოები არ არიან, თუმცა მათ მსგავსად სისხლით იკვებებიან და ზოგიერთი ინფექციის გადატანა შეუძლიათ.
2026 წლის ზაფხულში Shamonda-ს ვირუსი პირველად აღმოაჩინეს ევროპის მეცხოველეობის ფერმებშიც, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და სხვა ქვეყნებში.
აქამდე ადამიანში ინფიცირების არცერთი დოკუმენტირებული შემთხვევა არ არსებობდა.
რა მოხდა საფრანგეთში?
ვირუსი აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც ლიონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მძიმე დაავადების გამო მკურნალობდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, პაციენტს იმუნური სისტემა მკვეთრად ჰქონდა დასუსტებული, რაც მას ინფექციებისა და მათი გართულებების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდიდა.
პაციენტი ოქტომბრის დასაწყისში გარდაიცვალა.
გამოკვლევის ამ ეტაპზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინფიცირება აღმოსავლეთ საფრანგეთში, ვირუსის მატარებელი მკბენარა მწერის ნაკბენით მოხდა. სწორედ ამ რეგიონში ფიქსირდებოდა Shamonda-ს ვირუსის გავრცელება ცხოველებში გაზაფხულსა და ზაფხულში.
ფრანგი სპეციალისტების შეფასებით, პაციენტთან გამოვლენილი თავის ტვინის გართულებები დიდი ალბათობით ვირუსულ ინფექციას უკავშირდებოდა.
თუმცა ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის, რა როლი შეასრულა ვირუსმა პაციენტის გარდაცვალებაში. მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური, ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური კვლევები.
არსებობს თუ არა ახალი ეპიდემიის საფრთხე?
საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებების განცხადებით, არსებული ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის საფრთხე ამ ეტაპზე გამოვლენილი არ არის.
ეს ერთადერთი დოკუმენტირებული შემთხვევაა ადამიანში, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ცხოველებში ათწლეულების განმავლობაში ცირკულირებდა.
ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ Shamonda-ს ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.
ECDC საფრანგეთის ხელისუფლებასთან და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს. პარალელურად მიმდინარეობს ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, რათა საჭიროების შემთხვევაში სხვა შემთხვევების გამოვლენაც მოხერხდეს.
რატომ არის ეს შემთხვევა მნიშვნელოვანი?
Shamonda-ს ვირუსის ადამიანში პირველად აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ ინფექციების შესწავლისთვის, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანებზე შეიძლება გადავიდეს.
მეცნიერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ პასუხები რამდენიმე ძირითად კითხვაზე: რამდენად ხშირად შეუძლია ვირუსს ადამიანის ინფიცირება, რა პირობებში ვითარდება მძიმე დაავადება და შეუძლიათ თუ არა ინფექციის გადატანა კონკრეტულ მწერებს ევროპის სხვადასხვა რეგიონში.
შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს “ერთიანი ჯანმრთელობის“ (One Health) მიდგომის მნიშვნელობას, რომელიც ადამიანის, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობას ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხებად განიხილავს.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ საქმე ეხება ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას, მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტში. ახალი ეპიდემია ან ფართო საზოგადოებრივი საფრთხე დადასტურებული არ არის.




