აშშ-ში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდებისთვის ონლაინ სივრცეში სხვადასხვა ტიპის საზიანო გამოცდილება საკმაოდ გავრცელებულია. კვლევა 18 სექტემბერს JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.
კვლევაში აშშ-ის 47 შტატში მცხოვრები 13-17 წლის 472 მოზარდი მონაწილეობდა. მათ ბოლო ოთხი კვირის გამოცდილების შესახებ ჰკითხეს.
მოზარდების 44.7%-მა განაცხადა, რომ ონლაინ შევიწროების შემთხვევა უნახავს, ხოლო 29.8% თავად გამხდარა მსგავსი ქცევის სამიზნე. საინტერესოა, რომ უშუალოდ შევიწროების სამიზნედ ქცევა ონლაინ და ოფლაინ გარემოში დაახლოებით თანაბრად ხშირი იყო.
სურათი განსხვავებული აღმოჩნდა საზიანო კონტენტის შემთხვევაში. მოზარდების 10.7%-ს ბოლო ოთხ კვირაში ონლაინ ძალადობრივი გამოსახულებები ჰქონდა ნანახი, მაშინ როცა ოფლაინ გარემოში ასეთი გამოცდილება 1.6%-მა დააფიქსირა.
არასასურველი სექსუალური გამოსახულებები ონლაინ 13.4%-ს შეხვდა, ოფლაინ კი 2%-ს. ამასთან, 9.7%-მა ნახა თვითდაზიანების წამახალისებელი ონლაინ კონტენტი, ოფლაინ გარემოში კი იგივე 5.2%-მა აღნიშნა.
კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოავლინა – მოზარდების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიების გამოყენება მათ ძილს უშლიდა ხელს. დაახლოებით ყოველი მეათე კი ონლაინ სხვა ადამიანის თვითდაზიანების ფაქტსაც გადააწყდა.
მონაწილეებმა გამოცდილება 20 სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე შეაფასეს, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ვიდეოპლატფორმებზე, ონლაინ თამაშებსა და შეტყობინებების სერვისებში. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ზიანის ტიპები და სიხშირე პლატფორმებსა და მოზარდთა სხვადასხვა ჯგუფს შორის განსხვავდებოდა.
კვლევას მნიშვნელოვანი შეზღუდვაც აქვს: მონაწილეთა რაოდენობა შედარებით მცირე იყო და მონაცემები მოზარდების მიერ თავად მონათხრობს ეფუძნებოდა. ამიტომ შედეგებით ვერ განვსაზღვრავთ, კონკრეტულად რა გავლენა მოახდინა ონლაინ გამოცდილებამ მათ ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ავტორების აზრით, მსგავსი მონაცემების რეგულარული შეგროვება მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, როგორ იცვლება მოზარდების ონლაინ გარემო და რომელი პრევენციული ზომები მუშაობს რეალურად.




