პაციენტის საკუთარი იმუნური უჯრედების გადაპროგრამებამ ვირუსის საპოვნელად და გასანადგურებლად აივ (HIV) ინფექციის კონტროლის საქმეში წარმატებას მიაღწია მცირე ზომის პირველად კვლევაში. მიუხედავად ამისა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საჭიროა დამატებითი მუშაობა მიგნებების დასადასტურებლად და იმ პაციენტების გამოსავლენად, რომლებისთვისაც ეს მკურნალობა ყველაზე ეფექტური იქნება.
პირველი ფაზის კლინიკური კვლევა მოიცავდა CAR-T თერაპიას — ეს არის ერთჯერადი პროცედურა, რომლის დროსაც პაციენტის T-უჯრედებს (იმუნური სისტემის ნაწილი) იღებენ, ლაბორატორიულად ცვლიან, ამრავლებენ და კვლავ ორგანიზმში შეჰყავთ. მოცემულ შემთხვევაში, CAR-T უჯრედების სამიზნეს აივ ინფექციის CD4 და CCR5 რეცეპტორები (უჯრედის ზედაპირზე არსებული სტრუქტურები) წარმოადგენდა.
მკურნალობის გარეშე ვირუსი მრავლდება და ანადგურებს ინფექციასთან მებრძოლ უჯრედებს, რაც საბოლოოდ იწვევს შიდსს (AIDS). მსოფლიოში დაახლოებით 41 მილიონი ადამიანი ცხოვრობს აივ ინფექციით. მიუხედავად იმისა, რომ ანტირეტროვირუსულმა თერაპიამ (მედიკამენტები, რომლებიც ვირუსის გამრავლებას აფერხებენ) დაავადება მართვად მდგომარეობად აქცია, მკურნალობა მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა გაგრძელდეს.
განსხვავებით აივ ინფექციის “განკურნების” წინა შემთხვევებისგან, რომლებიც სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში იშვიათი გენეტიკური მუტაციის მქონე დონორებისგან ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვას გულისხმობდა, მეცნიერების თქმით, CAR-T თერაპია შესაძლოა პაციენტთა გაცილებით ფართო ჯგუფისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
სტანდარტული დოზით მკურნალი სამი პაციენტიდან ორს ანტირეტროვირუსული თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ვირუსის შეუმჩნეველი ან ძალიან დაბალი დონე შეუნარჩუნდა — ერთს უკვე ორ წელზე მეტია, ხოლო მეორეს თითქმის ერთი წელია. მესამე მონაწილეს ვირუსის ადრეული მატება აღენიშნა, თუმცა შემდგომში ორგანიზმმა შეძლო მისი დაბალ დონეზე კონტროლი.
ანტირეტროვირუსული თერაპია “ყინავს ვირუსს”, რათა მან მუტირება ვერ შეძლოს და იცავს იმუნურ სისტემას დაზიანებისგან. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა იმის დასადგენად, თუ რატომ მოახდინა ზოგიერთმა პაციენტმა ასეთი კარგი რეაგირება.
აღსანიშნავია, რომ აივ ინფექციის კვლევის მონაწილეებს არ გამოვლენიათ ისეთი მძიმე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ციტოკინური შტორმის სინდრომი (ძლიერი ანთებითი რეაქცია), რაც ხშირად გვხვდება CAR-T თერაპიით მკურნალ სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში.




