ათობით ადამიანს, რომელთაც გლაუკომის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ, დაუდასტურდათ ვირუსი, რომელიც აქამდე მხოლოდ ზღვის ცხოველებში იყო ცნობილი. ეს ვირუსი, რომელიც ჩვეულებრივ საზღვაო ორგანიზმებს აზიანებს, ჩინეთში ადამიანების მცირე, მაგრამ მზარდ ჯგუფში იწვევს გლაუკომის მსგავს სიმპტომებს და ზოგ შემთხვევაში, შეუქცევად მხედველობის დაკარგვასაც. ეს არის პირველი დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც წყლის ცხოველებთან დაკავშირებული ვირუსი ადამიანში გადადის და დაავადებას იწვევს. მეცნიერების ვარაუდით, შემთხვევები შესაძლოა უკავშირდებოდეს უმი ზღვის პროდუქტების მიღებას ან წყლის ცხოველებთან უშუალო კონტაქტს, თუმცა განიხილება ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესაძლებლობაც. ავსტრალიის სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრის, ედვარდ ჰოლმსის განცხადებით, საკმაოდ უცნაურია ის ფაქტი, რომ ამ ვირუსს შეუძლია დააინფიციროს როგორც უხერხემლოები, ასევე თევზები და ძუძუმწოვრები; მისივე თქმით, რთულია წარმოიდგინო ვირუსი ასეთი ფართო მასპინძელთა სპექტრით.
ჩინეთში იზრდება დაავადების შემთხვევები, რომელსაც პერსისტენტული ოკულარული ჰიპერტენზიული ვირუსული წინა უვეიტი (POH-VAU) ეწოდება, თუმცა მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ბოლომდე უცნობი რჩებოდა. ეს დაავადება ხასიათდება თვალის ანთებითა და შიგნითა წნევის მატებით, რაც ჰგავს გლაუკომას, აზიანებს მხედველობის ნერვს და შეიძლება მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს. მიზეზების შესასწავლად მკვლევართა ჯგუფმა, რომელშიც ჩინეთის თევზჭერის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებიც შედიოდნენ, შეისწავლა 70 პაციენტი, რომელთაც ეს დიაგნოზი 2022 წლის იანვრიდან 2025 წლის აპრილამდე დაუსვეს. ყველა მათგანს აღმოაჩნდა ლატენტური ნოდავირუსი, რომელიც სხვადასხვა საზღვაო ცხოველს აინფიცირებს. ავტორების განცხადებით, აქამდე არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ წყლის ცხოველებიდან წარმოშობილი ვირუსი ადამიანს აზიანებს და დაავადებას იწვევს. მართალია პაციენტებს ჩაუტარდათ მკურნალობა ანთების შესამცირებლად, თუმცა დაახლოებით მესამედს მაინც დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, ხოლო ერთ შემთხვევაში მუდმივი მხედველობის დაკარგვა დაფიქსირდა.
ვირუსის უკეთ გასაგებად მკვლევრებმა ინფიცირება თაგვებში ჩაატარეს, რომელთაც ერთ თვეში რქოვანაში, ირისსა და ბადურაში მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები განუვითარდათ. ამასთან, დადგინდა, რომ ერთსა და იმავე წყალში მყოფ თაგვებს შეეძლოთ ვირუსის ერთმანეთზე გადაცემა. აღსანიშნავია, რომ 70 პაციენტიდან ნახევარზე მეტი სახლში წყლის ცხოველებს ზრდიდა, რაც შესაძლოა ინფიცირების წყარო ყოფილიყო, თუმცა დაახლოებით 16 პროცენტი უმი ზღვის პროდუქტების მომხმარებელი ან მაღალი რისკის ჯგუფებთან ახლო კონტაქტში მყოფი პირი იყო. მართალია ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა პაციენტების ქვეჯგუფი, რომელთაც არ ჰქონდათ კონტაქტი წყლის ცხოველებთან და ერთადერთი რისკფაქტორი ოჯახის წევრებთან ახლო კონტაქტი იყო. ოჯახის ეს წევრები ადრე კონტაქტში იყვნენ წყლის ცხოველებთან და ჰქონდათ ხელის დაზიანებები, რაც შეიძლება მიუთითებდეს ვირუსის ოჯახში გავრცელების შესაძლებლობაზე, მაგალითად, საერთო ჭურჭლის გამოყენებით.
ვირუსის გავრცელების არეალის შესაფასებლად მკვლევრებმა სხვადასხვა კონტინენტიდან 523 სახეობის მოშენებული და ველური წყლის ცხოველი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს ნოდავირუსი მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული და დაფიქსირდა 49 სახეობაში, მათ შორის კრევეტებში, კიბოებში, თევზებსა და ზღვის სხვა ორგანიზმებში, სადაც ის სისუსტესა და ფერის ცვლილებას იწვევს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ აზიანებს ის ადამიანებში სწორედ თვალს. ედვარდ ჰოლმსის ვარაუდით, ვირუსი სავარაუდოდ უფრო ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე გვგონია; შესაძლებელია, რომ ის იმ სახეობებშიც იყოს, რომლებიც მეცნიერებს ჯერ არ შეუსწავლიათ და არ არის გამორიცხული, რომ ადამიანამდე ის სხვა სახეობის გავლით მოხვედრილიყო.
ცნობილია, რომ ვირუსი საზღვაო ცხოველებს შორისაც ვრცელდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ინფიცირებული ორგანიზმებით იკვებებიან. მაგალითად, ფერმებში მოშენებულ კრევეტებს ხშირად აჭმევენ გაყინულ საკვებს, რაც შეიძლება ინფიცირების წყარო გახდეს. ასევე დადგინდა, რომ თბილ წყალში ვირუსი უფრო აქტიურდება, რაც მიანიშნებს, რომ ანტარქტიდის სახეობები შეიძლება ვირუსის რეზერვუარად იქცნენ. მკვლევრების შეფასებით, ცხოველებიდან ადამიანზე ამ ვირუსის გადასვლა ახალი ბიოსაფრთხის რისკს ქმნის, თუმცა, ჰოლმსის თქმით, ამ ეტაპზე ადამიანებს შორის ფართო გავრცელების მტკიცებულება არ არსებობს და ეს პროცესი არ წარმოადგენს ეპიდემიას.




