მე-19 საუკუნის ბოლოდან ექიმები პერიოდულად აღწერენ უცნაურ შემთხვევებს, როდესაც პაციენტები ჭამის შემდეგ ნასვამივით იქცევიან, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი საერთოდ არ მიუღიათ. ეს იშვიათი და დამაბნეველი მდგომარეობა ცნობილია როგორც ავტოლუდსახარშის სინდრომი (autobrewery syndrome, ABS) – მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი საკვებად მიღებულ ნახშირწყლებს თავად გარდაქმნის ეთანოლად.
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ეს სინდრომი ნაწლავებში სოკოების ჭარბი რაოდენობით გამრავლებას და ნახშირწყლების დუღილს უკავშირდებოდა. თუმცა 2019 წელს გამოქვეყნებულმა ერთმა მნიშვნელოვანმა კვლევამ რამდენიმე შემთხვევა ალკოჰოლის გამომმუშავებელ ბაქტერიებს დაუკავშირა. ახლა კი ABS-ის მქონე პაციენტების დღემდე ყველაზე დიდ ჯგუფზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ დაავადების მთავარი მიზეზი სწორედ ბაქტერიებია.
კვლევა დღეს ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა და შესაძლოა გზას გაუხსნას ახალ მკურნალობის მეთოდებს, რომლებიც პაციენტების ნაწლავურ მიკრობებში ალკოჰოლის მეტაბოლიზმის – ანუ ორგანიზმში ნივთიერებათა გარდაქმნის ქიმიური პროცესების – შეცვლაზე იქნება ორიენტირებული.

Dr. Jing Yuan
“ეს კვლევა საკმარის მტკიცებულებას გვაძლევს, რომ სოკოვანი ჰიპოთეზა უკანა პლანზე გადავდოთ,” – ამბობს მიკრობიოლოგი ჯინგ იუანი პეკინის კაპიტალის პედიატრიის ინსტიტუტიდან, რომელიც 2019 წლის კვლევას ხელმძღვანელობდა, თუმცა ახალ ნაშრომში არ მონაწილეობდა. მისი თქმით, მკვლევრებმა “ნათლად აჩვენეს, რომ მდგომარეობა ძირითადად ბაქტერიული ალკოჰოლის დუღილით არის გამოწვეული”.
ABS-ის შესახებ არსებული ცოდნის დიდი ნაწილი ანეკდოტურ ისტორიებსა და შემთხვევების აღწერებს ეფუძნება. ბევრ მათგანში აღწერილია ნასვამობის სიმპტომები ნახშირწყლების მიღების შემდეგ. მაგალითად, ერთ ახალგაზრდა ქალს დიაბეტის ტესტის დროს გლუკოზის – მარტივი შაქრის – მიღების შემდეგ სიარული აღარ შეეძლო. პაციენტებს ხშირად მძიმე სოციალური შედეგებიც აქვთ – მაგალითად, დღის განმავლობაში “ნასვამობის” გამო სამსახურის დაკარგვა.
“ეს დაავადება დამანგრეველია ოჯახებისთვის,” – ამბობს გასტროენტეროლოგი – საჭმლის მომნელებელი სისტემის სპეციალისტი – ბერნდ შნაბლი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (სან დიეგო), რომელმაც ახალ კვლევას უხელმძღვანელა. “პაციენტებს ხშირად არ უჯერებენ – ზოგჯერ თვით ექიმებიც კი – როცა ამბობენ, რომ ალკოჰოლი არ მიუღიათ.”
თუ ექიმი საბოლოოდ დაადასტურებს სინდრომს (გლუკოზის მიღებისა და შემდგომი ალკოტესტის ან სისხლში ალკოჰოლის დონის მკაცრი კონტროლის პირობებში გაზომვით), მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბიოტიკურ პრეპარატებს, ასევე დაბალნახშირწყლიან დიეტას, რათა ალკოჰოლის გამომმუშავებელი მიკრობები “შიმშილში” აღმოჩნდნენ. თუმცა ამ ჩარევების მიუხედავად, ბევრ პაციენტს წლების განმავლობაში აღენიშნება სიმპტომების გამწვავება.
2019 წლის კვლევამ ავტოლუდსახარშის სინდრომი დააკავშირა Klebsiella pneumoniae-ს ისეთ შტამებთან – ანუ მიკროორგანიზმების ერთგვაროვან სახეობებთან – რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს წარმოქმნიან. ეს ბაქტერიები ასევე დაკავშირებული აღმოჩნდა ბევრად უფრო გავრცელებულ დაავადებასთან – მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებულ ცხიმოვან ღვიძლის დაავადებასთან.
იუანმა და მისმა გუნდმა თაგვებში ღვიძლის დაავადება გამოიწვიეს მძიმე ABS-ის მქონე პაციენტისგან მიღებული Klebsiella-ს გადანერგვით და ასევე დაადგინეს შემთხვევები, სადაც ნაწლავში Klebsiella-ს რაოდენობის ზრდა სიმპტომების გამწვავებას ემთხვეოდა. მკვლევრები სულ უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ ABS წარმოადგენს ერთგვარი სპექტრის უკიდურეს ფორმას და რომ ნაწლავში ქრონიკული, დაბალი დონის ალკოჰოლის ზემოქმედებამ შესაძლოა ღვიძლის დაავადება გამოიწვიოს ისე, რომ ნასვამობა საერთოდ არ განვითარდეს.
2019 წლის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ იუანის გუნდმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი წერილი და ზარი მიიღო ადამიანებისგან, რომლებიც ABS-ზე ტესტირებას ითხოვდნენ. სწორედ მაშინ დაუკავშირდა იგი შნაბლს, რომლის ლაბორატორიაც ნაწლავის მიკრობიოტას – ანუ გარკვეულ გარემოში არსებულ მიკროორგანიზმების ერთობლიობას – და ღვიძლის ურთიერთობას იკვლევს, და დაიწყო ახალი პაციენტების შერჩევა.
ახალ ნაშრომში შნაბლი და მისი კოლეგები აღწერენ 22 ABS-ის მქონე პაციენტს. კონტროლის ჯგუფად გამოყენებულნი იყვნენ მათი ოჯახის წევრები, რათა გამოირიცხოს ერთნაირი კვება ან გარემო ფაქტორები.
“ამ დაავადების უკიდურესი იშვიათობის გათვალისწინებით, ეს ძალიან დიდი კოჰორტაა – ანუ მსგავსი ნიშნების მქონე ადამიანთა ჯგუფი,” – ამბობს ჰეპატოლოგი – ღვიძლის დაავადებების სპეციალისტი – ჯასმოჰან ბაჯაჯი ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტიდან, რომელიც აღნიშნავს, რომ მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთი ასეთი პაციენტი ჰყოლია.
როგორც მოსალოდნელი იყო, ABS-ის მქონე პაციენტების განავალი ლაბორატორიაში ალკოჰოლს წარმოქმნიდა, ოჯახის წევრების განავალი კი – არა. (ჯანმრთელი ადამიანებიც წარმოქმნიან უმნიშვნელო რაოდენობის ალკოჰოლს, რომელიც ორგანიზმში სწრაფად მეტაბოლიზდება).
ABS-ის მქონე პაციენტებს ასევე აღენიშნებოდათ ღვიძლის დაზიანების მაჩვენებლების მომატება, ხოლო ერთ მათგანს ღვიძლის ციროზიც – ღვიძლის ქსოვილის შეუქცევადი დაზიანება და ნაწიბურების განვითარება – კი ჰქონდა.
ოჯახის წევრებთან შედარებით, პაციენტების ნაწლავურ მიკრობიოტაში უფრო ხშირი იყო Klebsiella-ს შტამები, ასევე Escherichia coli (ნაწლავის ჩხირი) – ბაქტერია, რომელიც ალკოჰოლს წარმოქმნის, მაგრამ აქამდე დაავადების მთავარ ფაქტორად არ მიიჩნეოდა. შნაბლის თქმით, E. coli-ს დონე განსაკუთრებით მაღალი იყო სიმპტომების გამწვავების პერიოდში და ზოგიერთ პაციენტში “ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად ზუსტად ემთხვეოდა სიმპტომებს”.
მკვლევრებმა ვერ აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი განსხვავებები სოკოებსა და საფუარებში ABS-ის მქონე პაციენტებსა და კონტროლის ჯგუფს შორის, თუმცა შნაბლი აღიარებს, რომ მონაწილეთა დიდ ნაწილს ადრე უკვე მიღებული ჰქონდა სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა. “არ მინდა სრულად გამოვრიცხო, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სინდრომი შესაძლოა სოკოებით იყოს გამოწვეული,” – ამბობს ის.
ერთ პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა ფეკალური მიკრობიოტის ტრანსპლანტაცია (FMT) – რაც გულისხმობს ჯანმრთელი დონორის ნაწლავური ფლორის გადატანას პაციენტის ორგანიზმში, მაგალითად კაფსულების მიღებით. ეს მეთოდი უკვე გამოყენებულა ABS-ის სხვა შემთხვევებშიც, როდესაც სხვა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. შნაბლის ჯგუფი ახლა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიკრობიომის მკვლევარ ელიზაბეთ ჰომანთან ერთად კლინიკურ კვლევას ამზადებს FMT-ის გამოყენებაზე ABS-ის პაციენტებში.
თუმცა შნაბლი აღნიშნავს, რომ უფრო მიზანმიმართული მკურნალობის პოვნა სურს: “FMT ცოტათი უროსავითაა,” – ამბობს ის, რაც გულისხმობს, რომ ეს არის უხეში და არაწერტილოვანი ჩარევა.
გენომურმა ანალიზმა – ორგანიზმის სრული გენეტიკური მასალის შესწავლამ – შესაძლოა უფრო დახვეწილი გზები გვიჩვენოს. სიმპტომების გამწვავების დროს აღებულ ნაწლავის ნიმუშებში აღმოჩნდა გენების სიჭარბე, რომლებიც პათოლოგიურ ალკოჰოლის წარმოქმნაში მონაწილეობენ, ხოლო რემისიის პერიოდში – მდგომარეობა, როდესაც დაავადების სიმპტომები დროებით ქრება ან მცირდება – გენები, რომლებიც ალკოჰოლის მეტაბოლიზმს უწყობენ ხელს. ამ გზების მიზანმიმართულმა გავლენამ შესაძლოა ანტიბიოტიკებზე ან მიკრობიოტის სრულ ჩანაცვლებაზე უფრო ეფექტური შედეგი მოიტანოს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა ძლიერ მტკიცებულებებს იძლევა, ABS-ის წარმოშობა ბოლომდე მაინც გაურკვეველია, ამბობს ბაჯაჯი. მრავალი წლის დაკვირვების მიუხედავად, მკვლევრებმა “ვერ იპოვეს ერთი კონკრეტული მიზეზი”, გარდა ერთი პაციენტისა, რომელსაც კრონის დაავადებასთან – ნაწლავის ქრონიკულ ანთებით პროცესთან – დაკავშირებული ანთება ჰქონდა.
იმის გათვალისწინებით, რომ Klebsiella და E. coli ABS-ის გარეშე ადამიანებშიც გვხვდება, კვლავ ღია რჩება კითხვა: რატომ არ უვითარდება ეს სინდრომი ყველას, ვისაც ეს ბაქტერიები მუდმივად აქვს?




