COVID-19-ის mRNA-ზე დაფუძნებულმა ვაქცინებმა, რომლებმაც პანდემიის დროს გლობალურად 2.5 მილიონი სიცოცხლე იხსნეს, შესაძლოა, იმუნური სისტემის სტიმულირება შეძლონ კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის გასაოცარი დასკვნა ახალი კვლევიდან, რომელიც “Nature”-ში გამოვაქვეყნდა.
კვლევის ავტორებმა, ადამ გრიპინმა (ექიმი-მეცნიერი კიბოს იმუნოთერაპიის დარგში, ტეხასის უნივერსიტეტის MD ანდერსონის სახელობის კიბოს ცენტრი) და კრისტიანო მარკონმა (დოქტორანტი იმუნოთერაპიის მიმართულებით, ფლორიდის უნივერსიტეტი) სტატია theconversation-ში გამოაქვეყნეს. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
2016 წელს, როდესაც ჩვენი გუნდი პედიატრიული ონკოლოგის, ელიას საიურის, ხელმძღვანელობით ტვინის სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის mRNA ვაქცინებს შეიმუშავებდა, აღმოვაჩინეთ, რომ mRNA-ს შეუძლია იმუნური სისტემის “გაწვრთნა” სიმსივნეების გასანადგურებლად – მაშინაც კი, თუ ეს mRNA თავად კიბოსთან არ არის დაკავშირებული.
ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ mRNA ვაქცინებს, რომლებიც შექმნილია COVID-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსის წინააღმდეგ, შესაძლოა, ასევე ჰქონოდათ სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი.
ამიტომ, ჩვენ გავაანალიზეთ 1000-ზე მეტი პაციენტის კლინიკური შედეგები, რომლებსაც მელანომისა და ფილტვის კიბოს გვიანი სტადია ჰქონდათ და მკურნალობდნენ იმუნოთერაპიის ერთ-ერთი სახეობით, რომელსაც იმუნური გამშვები პუნქტების ინჰიბიტორები ეწოდება.
ტერმინის განმარტება: იმუნური გამშვები პუნქტების ინჰიბიტორები (Immune Checkpoint Inhibitors) არის თანამედროვე იმუნოთერაპიის სახეობა. სიმსივნური უჯრედები ხშირად გამოიმუშავებენ ცილას, რომელიც იმუნურ უჯრედებს “თიშავს” და თავდასხმის საშუალებას არ აძლევს. ეს მედიკამენტები ბლოკავს ამ “გამთიშველ” მექანიზმს, რითაც იმუნურ სისტემას “აღვიძებს” და კიბოს უჯრედების განადგურების საშუალებას აძლევს.
შედეგები საოცარი აღმოჩნდა: პაციენტები, რომლებმაც Pfizer-ის ან Moderna-ს COVID-19-ის mRNA ვაქცინა იმუნოთერაპიის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში მიიღეს, სამი წლის შემდეგ ცოცხლები იყვნენ ორჯერ უფრო დიდი ალბათობით, ვიდრე ისინი, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებია. გასაკვირია, რომ პაციენტებმა იმ ტიპის სიმსივნეებით, რომლებიც, როგორც წესი, კარგად არ რეაგირებენ იმუნოთერაპიაზე, ასევე აჩვენეს უაღრესად ძლიერი სარგებელი – სამწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი მათში თითქმის ხუთჯერ გაუმჯობესდა. ეს კავშირი გაუმჯობესებულ გადარჩენასა და COVID-19-ის mRNA ვაქცინის მიღებას შორის მყარი დარჩა მას შემდეგაც, რაც გავითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დაავადების სიმძიმე და თანმხლები მდგომარეობები.
იმის გასაგებად, თუ რა მექანიზმი იდგა ამის უკან, ჩვენ ცხოველურ მოდელებს მივმართეთ. აღმოვაჩინეთ, რომ COVID-19-ის mRNA ვაქცინები მოქმედებენ როგორც “განგაშის სიგნალი”, რომელიც აიძულებს სხეულის იმუნურ სისტემას, ამოიცნოს და მოკლას სიმსივნური უჯრედები და დაძლიოს კიბოს უნარი, “გამორთოს” იმუნური უჯრედები. კომბინირებისას, ვაქცინები და იმუნური გამშვები პუნქტების ინჰიბიტორები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა იმუნური სისტემის სრული ძალა გაათავისუფლონ კიბოს უჯრედების გასანადგურებლად.
ფლორიდის უნივერსიტეტის ჯანდაცვის (University of Florida Health) პედიატრიული ონკოლოგი ელიას საიური, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, განმარტავს, რომ რნმ (mRNA) ვაქცინებს, რომლებიც პაციენტის კიბოსთვის სპეციფიკური არ არის, შეუძლიათ “გამოაღვიძონ მძინარე გიგანტი – იმუნური სისტემა – რათა მან კიბოს ებრძოლოს“.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
იმუნური გამშვები პუნქტების ინჰიბიტორებით იმუნოთერაპიამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რევოლუცია მოახდინა კიბოს მკურნალობაში და განკურნება მოუტანა ბევრ პაციენტს, რომლებიც ადრე განუკურნებლად ითვლებოდნენ. თუმცა, ეს თერაპიები არაეფექტიანია პაციენტებში ე.წ. “ცივი” სიმსივნეებით, რომლებიც წარმატებით “ემალებიან” იმუნურ სისტემას.
ტერმინის განმარტება: “ცივი” სიმსივნე არის სიმსივნე, რომელიც “უხილავია” იმუნური სისტემისთვის და არ იწვევს იმუნურ პასუხს. “ცხელი” სიმსივნე კი “ხილვადია” და იმუნური სისტემა მას აქტიურად ებრძვის. mRNA ვაქცინა, როგორც ჩანს, ეხმარება იმუნურ სისტემას, დაინახოს ეს სიმსივნე და აქციოს ის “ცივიდან” “ცხელ” სიმსივნედ.
ჩვენი აღმოჩენები მიუთითებს, რომ mRNA ვაქცინებს შეუძლიათ, იმუნურ სისტემას მისცენ ზუსტად ის “ნაპერწკალი”, რომელიც ამ “ცივი” სიმსივნეების “გასაცხელებლად” არის საჭირო. თუ ეს ჩვენს მომავალ კლინიკურ კვლევაში დადასტურდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ფართოდ ხელმისაწვდომი, დაბალფასიანი ინტერვენცია შეძლებს იმუნოთერაპიის სარგებლის გავრცელებას მილიონობით პაციენტზე, რომლებიც სხვაგვარად ამ თერაპიით ვერ ისარგებლებდნენ.
რა სხვა კვლევები ტარდება?
ინფექციური დაავადებების ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებიც ინფექციის პრევენციისთვის გამოიყენება, თერაპიული კიბოს ვაქცინები გამოიყენება კიბოთი დაავადებული პაციენტების იმუნური სისტემის უკეთ “გასაწვრთნელად” სიმსივნეებთან საბრძოლველად.
ჩვენ და ბევრი სხვა ჯგუფი ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ კიბოს მქონე პაციენტებისთვის პერსონალიზებული mRNA ვაქცინების შესაქმნელად. ეს გულისხმობს პაციენტის სიმსივნის მცირე ნიმუშის აღებას და მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებას იმის გამოსათვლელად, თუ რომელი ცილები იქნებოდა ვაქცინის საუკეთესო სამიზნე. თუმცა, ეს მიდგომა შეიძლება იყოს ძალიან ძვირი და წარმოებისთვის რთული.
ამის საპირისპიროდ, COVID-19-ის mRNA ვაქცინები არ საჭიროებს პერსონალიზაციას, უკვე ფართოდ ხელმისაწვდომია დაბალ ფასად ან უფასოდ მთელ მსოფლიოში და პაციენტის მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება იქნას გამოყენებული. ჩვენი აღმოჩენა, რომ COVID-19-ის mRNA ვაქცინებს მნიშვნელოვანი სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ, იმედს გვაძლევს, რომ ისინი დაგვეხმარებიან mRNA ვაქცინების ანტისიმსივნური სარგებლის ყველასთვის მიწოდებაში.
რა არის შემდეგი ნაბიჯი
ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვემზადებით, გამოვცადოთ ეს სამკურნალო სტრატეგია პაციენტებში ფილტვის კიბოს მქონე ადამიანების მონაწილეობით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში. ადამიანები, რომლებიც იღებენ იმუნური გამშვები პუნქტების ინჰიბიტორს, რანდომიზებულად (შემთხვევითი პრინციპით) გადანაწილდებიან ორ ჯგუფად: ერთი ჯგუფი მკურნალობის დროს მიიღებს COVID-19-ის mRNA ვაქცინას, მეორე კი – არა.
ეს კვლევა გვეტყვის, უნდა იყოს თუ არა COVID-19-ის mRNA ვაქცინები ჩართული სტანდარტულ მკურნალობაში იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იმუნური გამშვები პუნქტების ინჰიბიტორებს იღებენ. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებთ, რომ ეს მიდგომა დაეხმარება ბევრ პაციენტს, ვინც იმუნოთერაპიით მკურნალობს, და განსაკუთრებით მათ, ვისაც ამჟამად ეფექტიანი მკურნალობის ვარიანტები არ გააჩნია.
ეს ნაშრომი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გლობალური პანდემიის დროს დაბადებულმა ინსტრუმენტმა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი იარაღი მოგვცეს და სწრაფად გაავრცელოს არსებული მკურნალობის სარგებელი მილიონობით პაციენტზე.




