იტალიაში საზოგადოებრივი შეშფოთება იზრდება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც რამდენიმე ადამიანი დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. ბოტულიზმის კვებითი მოწამვლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი უკვე ოთხს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს კონსერვირებული პროდუქტების არასათანადო მომზადებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს.
ტრაგიკული შემთხვევები იტალიაში
სარდინიაში 62 წლის ქალი, ვალერია სოლაი, რამდენიმე კვირიანი მკურნალობის მიუხედავად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მან ივლისის ბოლოს, მონსერატოში გამართულ ფესტივალზე გუაკამოლეს კერძი მიირთვა. ამავე კერძმა იმსხვერპლა 36 წლის რობერტა პიცალისიც. გარდა სარდინიის ორი მსხვერპლისა, კალაბრიაში ბოტულიზმით კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ყველა შემთხვევა დაკავშირებული იყო როგორც სამრეწველო, ისე საოჯახო პირობებში დამზადებულ დაბინძურებულ კონსერვებთან. კალაბრიის კლასტერი 18 ადამიანს შეეხო, რომლებმაც ქუჩის მოვაჭრისგან სენდვიჩები შეიძინეს. ანალიზებმა აჩვენა, რომ მოწამვლა ერთზე მეტმა საკვებ პროდუქტმა გამოიწვია.
რა არის ბოტულიზმი და რატომ არის საშიში?
ბოტულიზმი იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია Clostridium botulinum-ის მიერ გამომუშავებული ტოქსინი იწვევს. ეს ბაქტერია განსაკუთრებით კარგად მრავლდება უჟანგბადო გარემოში, როგორიცაა, მაგალითად, დახურული კონსერვის ქილები.
პავიის შხამების კონტროლის ცენტრის დირექტორის, კარლო ალესანდრო ლოკატელის თქმით, “ბოტულინის ტოქსინი უხილავია და ხშირად არ ცვლის საკვების გემოს. ანტიდოტი ეფექტურია მხოლოდ ადრეულ ეტაპზე, როდესაც ტოქსინი ჯერ კიდევ სისხლშია“.
იტალია ევროპაში ბოტულიზმის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც დიდწილად დაკავშირებულია კონსერვაციის ტრადიციასთან, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებში. თუ საკვების შენახვა სათანადო წესების დაცვით არ ხდება, ეს ბაქტერიის გამრავლებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.
დაავადების სიმპტომები დაბინძურებული საკვების მიღებიდან 6 საათიდან 7 დღემდე პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს. ესენია:
- გაორებული მხედველობა
- გაფართოებული გუგები
- ქუთუთოების დაშვება
- მეტყველებისა და ყლაპვის გაძნელება
- პირის სიმშრალე და ყაბზობა
- მძიმე შემთხვევებში, სუნთქვის გაძნელება, რაც ინტუბაციას საჭიროებს.
რჩევები და რეკომენდაციები
საქართველოში, ისევე როგორც იტალიაში, საოჯახო პირობებში პროდუქტების დაკონსერვება ფართოდ გავრცელებული ტრადიციაა. ზამთრისთვის ვინახავთ მრავალფეროვან პროდუქტს, როგორიცაა კიტრის მწნილი, პომიდვრის საწებელი, ტყემალი, აჯიკა, სხვადასხვა სახის კომპოტი და მურაბა. ეს ტრადიცია ჩვენი კულტურის ნაწილია, თუმცა აუცილებელია, გვახსოვდეს უსაფრთხოების წესები, რათა თავიდან ავიცილოთ ბოტულიზმის საფრთხე.
როგორ დავიცვათ თავი ბოტულიზმისგან?
- სათანადო სტერილიზაცია: კონსერვაციის წინ აუცილებელია ქილებისა და თავსახურების გულდასმით სტერილიზაცია. გამოიყენეთ მაღალი ტემპერატურა (დუღილი) ბაქტერიების გასანადგურებლად.
- დაათვალიერეთ კონსერვი გახსნამდე: არასდროს გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ქილის თავსახური ამობურცულია, დაზიანებულია ან ჟონავს. ეს შეიძლება ბაქტერიების გამრავლების ნიშანი იყოს.
- ყურადღება მიაქციეთ ხმას: ქილის გახსნისას უნდა ისმოდეს დამახასიათებელი “ტკაცუნის“ ხმა, რაც ვაკუუმის არსებობაზე მიუთითებს. თუ ხმა არ ისმის, პროდუქტი შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს.
- შეამოწმეთ შიგთავსი: თუ პროდუქტს უცნაური სუნი, ფერი ან კონსისტენცია აქვს, ან სითხე ამღვრეულია, ნუ მიირთმევთ მას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ბოტულინის ტოქსინმა შეიძლება არ შეცვალოს საკვების სუნი, გემო ან ფერი.
- თერმული დამუშავება გამოყენების წინ: განსაკუთრებით დაბალმჟავიანობის მქონე კონსერვირებული პროდუქტები (მაგალითად, ბოსტნეული) გამოყენების წინ რეკომენდებულია წამოადუღოთ და ხარშოთ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. მაღალი ტემპერატურა ანადგურებს ბოტულინის ტოქსინს.
- სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: თუ კონსერვირებული პროდუქტის მიღების შემდეგ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გადამწყვეტია.
ამ მარტივი წესების დაცვით, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი ოჯახის წევრები და უსაფრთხოდ მიირთვათ საყვარელი საოჯახო კონსერვები.
წყარო: Euronews – Death toll rises to 4 in botulism outbreak in Italy




