2025 წლის 30 ივლისს, პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში, The New England Journal of Medicine, გამოქვეყნდა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევართა ჯგუფის სტატია, რომელმაც შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის (cSCC) შესახებ. ამ კვლევის მთავარი ღირებულება ის არის, რომ მან პირველად გაშიფრა ის კონკრეტული მოლეკულური მექანიზმი, რომლითაც აქამდე უვნებლად მიჩნეული კანის ვირუსი კიბოს პირდაპირ გამომწვევად იქცევა
ძველი თეორია და ახალი კითხვა: როგორ მოქმედებს ვირუსი?
მეცნიერებმა დიდი ხანია იცოდნენ, რომ კანის პაპილომავირუსებსა ($ \beta $-HPV) და კანის კიბოს შორის კავშირი არსებობდა, განსაკუთრებით იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში. თუმცა, აქამდე გაბატონებული თეორიით, ვირუსი მხოლოდ “თანამზრახველის” როლს თამაშობდა. ითვლებოდა, რომ ის ეხმარებოდა მთავარ დამნაშავეს, მზის UV გამოსხივებას, დაეზიანებინა უჯრედები, მაგრამ თავად კიბოს პროცესს პირდაპირ არ მართავდა.
ამ კვლევის ავტორებმა კი დასვეს ფუნდამენტური კითხვა: ხომ არ არსებობს სხვა, უფრო პირდაპირი მექანიზმი, რომლითაც კანის პაპილომავირუსს დამოუკიდებლად შეუძლია კიბოს გამოწვევა? ამ კითხვაზე პასუხის ძიება ერთი პაციენტის უნიკალური ისტორიით დაიწყო.
პაციენტის ისტორია: გამოცანა ექიმებისთვის
ყველაფერი 34 წლის ქალის ისტორიით დაიწყო, რომელიც წლების განმავლობაში უამრავ მძიმე დაავადებას ებრძოდა. ანამნეზში მას ჰქონდა კრიპტოკოკული მენინგიტი (სოკოვანი ინფექცია, რომელიც ხშირად იმუნოდეფიციტზე მიუთითებს), პირის ღრუს კონდილომები და მთელ სხეულზე გავრცელებული პაპილომები. თუმცა, ყველაზე დიდ პრობლემას შუბლზე არსებული ინვაზიური სიმსივნე წარმოადგენდა. ის ერთ-ერთი იყო იმ 43 სიმსივნური კერიდან, რომლებიც პაციენტს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნებოდა და მკურნალობას არ ექვემდებარებოდა.
თავდაპირველად ექიმები ვარაუდობდნენ, რომ პაციენტს ჰქონდა ორი პრობლემა: იმუნური დეფექტი და იშვიათი გენეტიკური სინდრომი, რომელიც მზის (UV) გამოსხივებით გამოწვეული დნმ-ის დაზიანების აღდგენას უშლიდა ხელს (გენ RNF168-ის მუტაცია). ეს უკანასკნელი ვარაუდი პაციენტის მდგომარეობას უიმედოს ხდიდა, რადგან იმუნიტეტის აღდგენის მთავარი მეთოდი, ძვლის ტვინის გადანერგვა, რადიაციის მიმართ მგრძნობელობის გამო, სასიკვდილო რისკს შეიცავდა.
მათი პირველი ამოცანა იყო, გაეგოთ, რა ხდებოდა შუბლზე არსებული ყველაზე დიდი და აგრესიული სიმსივნის შიგნით. ამისთვის მათ უჯრედის ყველაზე ღრმა დონეზე, მის მოლეკულურ სამყაროში ჩაიხედეს. მათ გადაწყვიტეს, წაეკითხათ სიმსივნის “სამოქმედო გეგმა“ – მისი რნმ, რათა გაეგოთ, რა ბრძანებებს ასრულებდა კიბოს უჯრედი.
სწორედ აქ ელოდათ პირველი მოულოდნელობა: სიმსივნის „სამოქმედო გეგმა“ სავსე იყო ბრძანებებით, რომლებსაც აქამდე უვნებლად მიჩნეული კანის ვირუსი, პაპილომავირუსის მე-19 შტამი (HPV19) იძლეოდა. ეს იყო კიბოს მექანიზმის პირველი ნაწილის გაშიფვრა – ვირუსმა არა უბრალოდ შეაღწია, არამედ მთლიანად დაიმორჩილა უჯრედი, ჩანერგა მასში თავისი გენეტიკური კოდი და აიძულა, ეწარმოებინა კიბოს გამომწვევი E6/E7 ცილები. როდესაც შემდგომმა ანალიზმა მზის გამოსხივების მინიმალური როლიც დაადასტურა, მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ პირდაპირი ვირუსული ონკოგენეზის, ანუ უშუალოდ ვირუსით გამოწვეული კიბოს, მექანიზმის წინაშე იდგნენ.
მაგრამ ეს მექანიზმის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. მთავარი კითხვა რჩებოდა – რატომ აძლევდა ორგანიზმი ვირუსს ამის საშუალებას? როგორი იყო იმუნური სისტემის უკმარისობის მექანიზმი?
პასუხი პაციენტის გენეტიკაში, კონკრეტულად კი ZAP70 გენის დეფექტში აღმოჩნდა. ეს გენი იმუნური პასუხის ჯაჭვის კრიტიკული რგოლია – ის T-ლიმფოციტის მიერ მტრის ამოცნობის სიგნალს შეტევის ბრძანებად გარდაქმნის. ამ პაციენტის შემთხვევაში, სიგნალი იკარგებოდა. T-ლიმფოციტები “ხედავდნენ” ვირუსს, მაგრამ მოქმედების ბრძანებას ვერ იღებდნენ.
მექანიზმის გაგება, როგორც მკურნალობის გასაღები
ვინაიდან მეცნიერებმა ზუსტად გაშიფრეს პრობლემის ორმაგი მექანიზმი – (1) ვირუსის პირდაპირი აგრესია და (2) იმუნური სისტემის უუნარობა, ეპასუხა ამ აგრესიაზე – ლოგიკური გამოსავალიც გამოიკვეთა. საჭირო იყო იმუნური სისტემის სრული “გადატვირთვა”.
პაციენტს ჯანმრთელი დონორის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. შედეგმა დაადასტურა, რომ მექანიზმი სწორად იყო გაგებული. ახალმა, გამართულად მომუშავე იმუნურმა სისტემამ დაუყოვნებლივ შექმნა T-ლიმფოციტების არმია, რომელიც სპეციალურად HPV19-ს ებრძოდა. შედეგად, ყველა სიმსივნური კერა გაქრა.
ეს ისტორია არის იმის ნათელი დემონსტრაცია, თუ რაოდენ ძლიერი იარაღია მეცნიერების ხელში მექანიზმების გაგება. კითხვაზე “შეუძლია თუ არა კანის პაპილომავირუსს კიბოს გამოწვევა?” პასუხი ბუნდოვანი იყო. მაგრამ როდესაც კითხვა დაისვა, როგორც – “როგორ შეუძლია მას ამის გაკეთება?”, მეცნიერებამ შეძლო, ეჩვენებინა კონკრეტული გზა: ვირუსის ინტეგრაცია, ონკოგენების აქტივაცია და იმუნური პასუხისგან თავის არიდება.
სწორედ ამ მექანიზმის გაშიფვრამ გახადა შესაძლებელი არა მხოლოდ ერთი პაციენტის განკურნება, არამედ კანის კიბოსთან ბრძოლის სრულიად ახალი სტრატეგიების დასახვა მომავალში.
ზოგადი კონტექსტი: რა უნდა ვიცოდეთ HPV-სა და ვაქცინაციის შესახებ?
სტატიის დასასრულს, მნიშვნელოვანია, ეს კონკრეტული აღმოჩენა ზოგად კონტექსტში განვიხილოთ, რათა სრული სურათი დავინახოთ. ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) არის ვირუსების ძალიან დიდი ოჯახი, რომელიც 200-ზე მეტ შტამს (ტიპს) აერთიანებს. მათი უმრავლესობა უვნებელია, თუმცა ზოგიერთს სერიოზული დაავადებების, მათ შორის კიბოს, გამოწვევა შეუძლია. HPV-ის შტამები სპეციალიზებულია სხეულის სხვადასხვა ქსოვილზე. ძირითადად, ისინი ორ დიდ ჯგუფად იყოფიან:
ლორწოვანი გარსების დამაინფიცირებელი შტამები ($ \alpha $-HPV): ამ ჯგუფის ვირუსები აინფიცირებენ ლორწოვან გარსებს, როგორიცაა საშვილოსნოს ყელი, ანალური ხვრელი, პირი და ხახა. მაღალი რისკის შტამები, როგორებიცაა HPV-16 და HPV-18, ცნობილია, როგორც პირდაპირი კანცეროგენები. ისინი ინტეგრირდებიან უჯრედის დნმ-ში და იწვევენ საშვილოსნოს ყელის, პირ-ხახის, ანუსისა და პენისის კიბოს.
კანის დამაინფიცირებელი შტამები ($ \beta $-HPV): მეორე დიდი ჯგუფი აინფიცირებს კანს. ეს შტამები ძალიან გავრცელებულია და ადამიანთა უმრავლესობა მათი მატარებელია. აქამდე ისინი კანის მიკრობიომის უვნებელ ნაწილად ითვლებოდნენ და, როგორც წესი, ასეც არის. შემთხვევა, რომელიც ზემოთ აღვწერეთ, იშვიათია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ადამიანის პაპილომავირუსის ყველაზე საშიში შტამების საწინააღმდეგოდ ეფექტური ვაქცინა არსებობს. საქართველოში ამჯამად “გარდასილი 9“ ვაქცინით იცრებიან უფასოდ აცრა შეუძლიათ 10-26 წლის ვაჟებს და 10-45 წლის ქალებს. ის იცავს შემდეგი 9 ალფა-შტამისგან:
- HPV 6 და 11: ეს დაბალი რისკის შტამებია, რომლებიც გენიტალური კონდილომების (მეჭეჭების) 90%-ს იწვევენ.
- HPV 16, 18, 31, 33, 45, 52 და 58: ეს მაღალი რისკის, ონკოგენური შტამებია, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 90%-ზე და სხვა ანიგენიტალური კიბოს უმრავლესობაზე არიან პასუხისმგებელნი.




