B ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ღვიძლის ანთებას იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფექცია თვითგანკურნებადია და სპეციფიკური ჩარევის გარეშე იხსნება, მაგრამ ზოგჯერ ვირუსი ღვიძლში რჩება და იწვევს ქრონიკულ ანთებას (ქრონიკული ჰეპატიტი). ასეთ შემთხვევებში 25%-მდე არსებობს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი.
ასევე იხილეთ: ამბავი კიბოს პირველი ვაქცინის შექმნისა – https://civil.ge/ka/archives/586010
B ჰეპატიტი ვრცელდება ინფიცირებული ადამიანის სისხლითა და ბიოლოგიური სითხეებით და შესაძლოა გადაეცეს ორსული დედისგან ახალშობილზე (ვერტიკალური გადაცემა). რაც უფრო მცირე ასაკში ხდება დაინფიცირება, მით უფრო მაღალია ქრონიკული B ჰეპატიტის განვითარების რისკი. ამ დაავადების სპეციფიკური მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს, თუმცა მისი პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა.
ვაქცინაციის სქემა
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება:
- დაბადებიდან პირველ 12 საათში,
- შემდეგ 2, 3 და 4 თვის ასაკში.
ამ ოთხი დოზის შემდეგ ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში დაცულია B ჰეპატიტის ვირუსისგან მაღალი ეფექტურობით. ბავშვობაში აუცრელი ან ნაწილობრივ აცრილი ზრდასრულებისთვის ასევე რეკომენდებულია ვაქცინაცია, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისთვის:
- პირები, რომელთა სქესობრივი პარტნიორი ინფიცირებულია B ჰეპატიტით,
- ნარკოტიკული საშუალებების საინექციო მომხმარებლები,
- პირები, რომელთაც ღვიძლის ქრონიკული დაავადება აქვთ,
- აივ-ინფიცირებული პირები,
- მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტი B ჰეპატიტით ინფიცირებულთან,
- პროფესიული საქმიანობით ინფიცირებული სისხლთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხების მქონე პირები (მაგ., სამედიცინო პერსონალი).
ზრდასრულებისთვის ვაქცინა ტარდება 3 დოზად (0-1-6 თვის ინტერვალით) და უსაფრთხოა ორსულ და მეძუძურ ქალებში. ვაქცინაცია უფასოა მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისთვის და სავალდებულოა ზოგიერთი პროფესიისთვის, მათ შორის:
- თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლებისთვის,
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პერსონალისთვის,
- პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პირებისთვის,
- სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის.
B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2024 წელს საქართველოში დაიწყო B ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში პროგრამაში ჩართულ კლინიკებში ყველა სერვისი უფასოა, მათ შორის:
- ტესტირება,
- ვაქცინაცია,
- მკურნალობა.
პროგრამაში ჩართული კლინიკების სია :

ჰეპატიტები – სტუმარი მაია ბუწაშვილი | ჯანსაღი დიალოგი