გრიპი არის სასუნთქი გზების პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია, რომელიც ვრცელდება წვეთოვანი გზით (ცემინება, ხველა, საუბარი). მისი გამომწვევი ვირუსია Influenza, იგივე გრიპის ვირუსი. ვირუსით დაინფიცირება შესაძლებელია ასევე, თუ ადამიანი ეხება ცხვირს ან პირს იმ საგნებთან კონტაქტის შემდეგ, რომელთა ზედაპირიც ვირუსით არის დაბინძურებული.
გრიპის შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი მიმდინარეობისაა, თუმცა, ის განსაკუთრებულ რისკს უქმნის ხანდაზმულ პირებს, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებს, ორსულ ქალებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და სხვა რისკ-ჯგუფებს. ამასთანავე, ჯანმრთელ ადამიანებშიც გრიპმა შეიძლება გართულებები ან სიკვდილი გამოიწვიოს.
გრიპის გამომწვევი ვირუსი ორ ძირითად ტიპს მოიცავს: A და B ტიპები. ეს ვირუსები ადამიანებში ყველაზე მეტად ვრცელდება და იწვევს სეზონური გრიპის ეპიდემიებს ყოველწლიურად. თუმცა, გრიპის A ტიპის ვირუსმა ისტორიის განმავლობაში რამდენიმე პანდემია გამოიწვია, მათ შორის 1918-1919 წლების “ესპანური გრიპის” პანდემია, 1957-1958 წლების აზიური გრიპის პანდემია, 1968-1969 წლების ჰონგ-კონგის გრიპის პანდემია და 2009 წლის ღორის გრიპის პანდემია.
ინფიცირებისგან და მისი გართულებებისგან თავის დაცვა სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების მეშვეობითაა შესაძლებელი, როგორებიცაა: ხელების ხშირი დაბანა, პირბადის ან ნიღბის ტარება და ვაქცინაცია. საქართველოში, როგორც წესი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზამთრის სეზონის დადგომამდე იწყება, ვინაიდან გრიპის ვირუსი სწორედ ამ დროიდან იწყებს გავრცელებას.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში შემავალი კომპონენტი ყოველწლიურად შეიძლება იცვლებოდეს, რაც გამოწვეულია გრიპის ვირუსის მუტაგენური ხასიათით, ანუ ვირუსის ახალ-ახალი ვარიანტების გამოჩენით. სწორედ ამის გამო რეკომენდებულია ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის. ვაქცინაციის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი გრიპისგან დაახლოებით 6 თვეა დაცული, რაც საჭიროებს ყოველწლიურ ვაქცინაციას. ვაქცინა მკვეთრად ამცირებს დაინფიცირების, გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.
ვაქცინაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია ორსულ და მეძუძურ ქალებში და ის უსაფრთხოა მათთვის. ვაქცინაცია ტარდება ერთი დოზით და მისი მიღება ვაქცინაციის პუნქტებშია შესაძლებელი. მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია უფასოა, ხოლო ამ ჯგუფების სია ყოველწლიურად ახლდება.
იხილეთ ასევე:
გრიპის ხასიათი, ისტორია და საფრთხე: