პნევმოკოკური დაავადება წვეთოვანი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც შეიძლება მრავალი ფორმით გამოვლინდეს. ეს ინფექცია ყველაზე ხშირად ფილტვების ანთებას (პნევმონია) იწვევს, თუმცა შესაძლოა გახდეს სხვა მდგომარეობების მიზეზიც, როგორიცაა მენინგიტი, სეფსისი, შუა ყურის ანთება და სინუსური ინფექცია. ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან თითოეული შეიძლება აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის საშიში.
პნევმოკოკური დაავადების პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა ვაქცინაცია. ვაქცინა იცავს პნევმოკოკური ინფექციით გამოწვეული დაავადებების, მათი გართულებებისა და სიკვდილისგან.
პნევმოკოკური ინფექციით გამოწვეული დაავადებების გართულებებისა და სიკვდილის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 5 წლამდე ასაკის ბავშვები და 65 წელს გადაცილებული პირები იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, საქართველოში პნევმოკოკური ვაქცინა შედის პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში და გამოიყენება სამ დოზად: 2, 3 და 12 თვის ასაკის ბავშვებში. ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
65 წელს გადაცილებული პირებისთვის პნევმოკოკური ვაქცინა გამოიყენება ერთ დოზად. ამ ასაკობრივ ჯგუფში, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ვაქცინა ასევე უფასოა. ვაქცინაციის ჩატარების უკუჩვენებას წარმოადგენს ვაქცინის რომელიმე კომპონენტის ან წინა მიღებული დოზის მიმართ განვითარებული ალერგიული რეაქცია.
პნევმოკოკური ვაქცინა ხელმისაწვდომია ვაქცინაციის პუნქტებში. მისი ჩატარება მნიშვნელოვნად ამცირებს პნევმოკოკური დაავადების გამოწვეული რისკების რაოდენობას და უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.