Covid 19-მა მოკლა გრიპის ერთ-ერთი შტამი იაგამატა – იუწყებოდა მსოფლიო პრესა რამდენიმე თვის წინ.
პანდემიამდე სეზონურად ცირკულირებდა გრიპის A ტიპის ორი ძირითადი ქვეტიპი: H1N1, რომელიც ღორის გრიპის სახელითაა ცნობილი, და H3N2, რომელიც ჰონგ კონგის გრიპით დაგვამახსოვრდა. B ტიპის გრიპის კიდევ ორი შტამი იაგამატა და ვიქტორია ასევე გავრცელებული და მნიშვნელოვანი ვარიანტები იყო.
COVID-19-ის პანდემიამდე იაგამატას შტამის გავრცელება უკვე კლებულობდა, მაგრამ კორონავირუსის პრევენციულმა ზომებმა, როგორიცაა ნიღბების ტარება, სოციალური დისტანცია და სხვა მეთოდები, მისი გაქრობა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, იაგამატას შტამი 2020 წლის მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა და ამჟამად, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მისი კვლავ გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა.
ვინაიდან გრიპის 4 ძირითადი შტამი ცირკულირებდა, ანუ ვრცელდებოდა, ამიტომ გვქონდა ე.წ. ოთხკომპონენტიანი ვაქცინებიც. თუმცა ახლა ისინი შესაძლოა სამკომპონენტიანი ვაქცინებით ჩანაცვლდეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გასცა რეკომენდაცია, რომ ვაქცინებიდან ნელ-ნელა ამოიღონ იაგამატას კომპონენტი.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსები მუტაციას მუდმივად განიცდიან და ხშირად იცვლებიან, იაგამატას შტამის დაბრუნების ალბათობა ძალიან დაბალია.
შეგახსენებთ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში უკვე დაიწყო. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები კი სამედიცინო დაწესებულებებში უკვე ხელმისაწვდომია.




