ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) მენინგოკოკური დაავადებების საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის, „პენბრაიას“, გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება კვლევების მონაცემებს, რომლებმაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაადასტურა. ახლა ჯერი ევროკომისიაზეა, რომელიც, როგორც წესი, EMA-ს რეკომენდაციას ითვალისწინებს.
ვაქცინა, რომელიც ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „Pfizer“-ის მიერ არის შექმნილი, აერთიანებს წინა ორი მენინგოკოკური ვაქცინის კომპონენტებს და ფარავს მენინგოკოკური დაავადების ხუთ ყველაზე გავრცელებულ სეროჯგუფს (A, C, W, Y და B).
შეგახსენებთ, რომ მენინგოკოკური დაავადება არის ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექცია, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, მათ შორის მენინგიტით, განვითარდეს. ვაქცინა განკუთვნილია 10 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის.
აღსანიშნავია, რომ „პენბრაიამ“ გასულ წელს უკვე მიიღო FDA-ს ავტორიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში.




