ხუთშაბათს, 22 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დატოვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO). ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ჯანდაცვის ექსპერტების გაფრთხილებების მიუხედავად, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ეს ნაბიჯი დაარტყამს როგორც ამერიკულ, ისე გლობალურ ჯანდაცვას.
Reuters-ის ცნობით, აშშ ტოვებს ორგანიზაციას ისე, რომ არ გადაუხდია 260 მილიონი დოლარის ოდენობის საწევრო გადასახადი, რაც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევაა (კანონის მიხედვით, გასვლამდე ქვეყანამ სრულად უნდა დაფაროს ფინანსური ვალდებულებები).
რატომ დატოვა აშშ-მა WHO?
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადი 2025 წელს, პრეზიდენტობის პირველივე დღეს გააკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, WHO-ს წარუმატებლობამ ინფორმაციის მართვასა და გაზიარებაში აშშ-ს ტრილიონობით დოლარი დაუჯდა.
“ამერიკელმა ხალხმა ამ ორგანიზაციას საკმარისზე მეტი გადაუხადა”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
აშშ ტრადიციულად WHO-ს ყველაზე დიდი დონორი იყო და მისი ბიუჯეტის დაახლოებით 18%-ს ფარავდა. დაფინანსების შეწყვეტამ ორგანიზაციაში საბიუჯეტო კრიზისი გამოიწვია:
-
მენეჯმენტის გუნდი განახევრდა.
-
წლის შუა პერიოდისთვის იგეგმება თანამშრომლების 25%-ის გათავისუფლება.
-
მცირდება სხვადასხვა ჯანდაცვითი პროგრამების ბიუჯეტი.
რეაქციები: “წაგება ყველასთვის”
WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა: “WHO-დან გასვლა წაგებაა შეერთებული შტატებისთვის და წაგებაა დანარჩენი მსოფლიოსთვის”.
ბილ გეიტსმა, რომელიც გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი მსხვილი დონორია, დავოსის ფორუმზე აღნიშნა, რომ არ ელოდება აშშ-ის უკან დაბრუნებას უახლოეს მომავალში. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის, ლოურენს გოსტინის თქმით კი, ვალის გადაუხდელობა “აშშ-ის კანონმდებლობის აშკარა დარღვევაა”, თუმცა ის ვარაუდობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამას გვერდს აუვლის.




