გერმანიაში კვლავ გააქტიურდა ინიციატივა შაქრიან სასმელებზე გადასახადის დაწესებისა და 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ენერგეტიკული სასმელების გაყიდვის აკრძალვის შესახებ. ქვეყნის რეგიონული შტატების ასამბლეა (ბუნდესრატი) ამ საკითხს კენჭს დღეს უყრის, რადგან სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას საზოგადოებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მზარდი მხარდაჭერა აქვს. აღნიშნული წინადადება საკანონმდებლო პროცესის დაწყებას ითვალისწინებს და, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის ზუსტ სტრუქტურას არ აკონკრეტებს, ინიციატივა გულისხმობს მიღებული შემოსავლების ჯანდაცვის ინიციატივებისთვის მოხმარებას.
ინიციატივის ავტორი, შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრემიერ-მინისტრი დანიელ გიუნთერი აცხადებს, რომ მწარმოებლებს უნდა ჰქონდეთ სტიმული, გადახედონ თავიანთ რეცეპტებს და შეამცირონ შაქრის შემცველობა, რისი მოტივაციაც მათ აქამდე არ ჰქონიათ. გარდა ამისა, წინადადება ითვალისწინებს 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ენერგეტიკული სასმელების გაყიდვის აკრძალვას, რაც ამ პროდუქტებში კოფეინის, ტაურინისა და შაქრის მაღალი შემცველობით აიხსნება. გიუნთერის თქმით, ენერგეტიკული სასმელები არ არის უწყინარი პროდუქტი და ისინი შესაძლოა ნამდვილ ტვირთად იქცეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შაქრიან სასმელებს გადასახადს 100-ზე მეტი ქვეყანა უწესებს, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დაახლოებით ნახევარი (მაგალითად, ბელგია, საფრანგეთი და პორტუგალია), თუმცა ევროკავშირს ერთიანი, ბლოკის მასშტაბით მოქმედი გადასახადი არ აქვს და ამ საკითხის გადაწყვეტა ეროვნული მთავრობების პრეროგატივაა.
მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში გიუნთერის კონსერვატიულმა პარტიამ (CDU) ეს იდეა უარყო, მოგვიანებით ინიციატივამ პარტიის ზოგიერთი წევრის, ასევე “მწვანეებისა“ და სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერა მოიპოვა. “მწვანეების“ დეპუტატის, იოჰანეს ვაგნერის განცხადებით, იგი მხარს უჭერს გეგმას, რადგან ინდუსტრიას ნაკლებად აქვს იმის მიზეზი, რომ შაქრის შემცველობა ნებაყოფლობით შეამციროს; მისივე თქმით, ის, ვინც მაღალშაქრიანი სასმელებით მოგებას იღებს, უფრო მეტად უნდა მონაწილეობდეს შედეგად გამოწვეული დანახარჯების დაფინანსებაში. სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა, საბინე დიტმარმა შემოთავაზებულ გადასახადს გონივრული, აუცილებელი და დაგვიანებული უწოდა და აღნიშნა, რომ ის დიფერენცირებული უნდა იყოს, რათა მაღალი შაქრის შემცველობის მქონე სასმელები უფრო მეტად დაიბეგროს, ვიდრე მათი დაბალშაქრიანი ალტერნატივები.
თებერვალში გამოქვეყნებული Forsa-ს გამოკითხვის თანახმად, გერმანელების დაახლოებით 60% მხარს უჭერს მაღალი შაქრის შემცველობის მქონე უალკოჰოლო სასმელებზე გადასახადის დაწესებას. ამასთან, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ 2023 წელს ჩატარებულმა მოდელირების კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანული მოდელის ანალოგიურ გადასახადს გერმანიაში დღიური შაქრის მოხმარების 2-3 გრამით შემცირება შეუძლია, რაც 20 წლის განმავლობაში თავიდან აიცილებდა ან გადაავადებდა მე-2 ტიპის დიაბეტის 244 000-მდე შემთხვევას და 16 მილიარდ ევროს დაზოგავდა.
მეორე მხრივ, გერმანიის შაქრის ინდუსტრიის ასოციაცია (WVZ) აცხადებს, რომ შაქარზე დაწესებულმა სადამსჯელო გადასახადმა შესაძლოა აიძულოს მწარმოებლები, შაქარი ხელოვნური დამატკბობლებით ჩაანაცვლონ ისე, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესდეს. ასოციაციის გენერალური დირექტორის, გიუნტერ ტისენის თქმით, შაქრის გადასახადი ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს სიმსუქნის განვითარებაში მხოლოდ ერთი ინგრედიენტია დამნაშავე, რისი მეცნიერულად სარწმუნო მტკიცებულებაც არ არსებობს.




