ოცდახუთი წლის შემდეგ, რაც აშშ-მა წითელას ელიმინაციას მიაღწია, ქვეყანა ამ სტატუსის დაკარგვის პირასაა. იმისდა მიუხედავად, საბოლოოდ გადალახავს თუ არა ქვეყანა ამ ზღვარს ამ ზამთარში, მას მოუწევს ვაქცინაციის მაჩვენებლების აღსადგენად ბრძოლა, რათა შეაჩეროს დაავადება, რომელსაც ხანგრძლივი და მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
პედიატრები “სავარაუდოდ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის ხაზია” ამ ძალისხმევაში, ამბობს დოქტორი ადამ რატნერი, ამერიკის პედიატრიის აკადემიის (AAP) ინფექციურ დაავადებათა კომიტეტის წევრი.
“იმ დეზინფორმაციის ფონზეც კი, რაც ინტერნეტში ვრცელდება, პედიატრების ნათქვამს კვლავ დიდი მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს დოქტორი რატნერი. “ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ კვლავ ვრჩებით სანდო ხმად, რათა ვესაუბროთ ოჯახებს, მივაწოდოთ მათ საჭირო ინფორმაცია, მყარი, მეცნიერებაზე დაფუძნებული მონაცემები და დავეხმაროთ მათ ვაქცინაციის გადაწყვეტილების მიღებაში”.
რას ნიშნავს ელიმინაციის სტატუსის დაკარგვა?
აშშ-მა წითელას ელიმინაცია 2000 წელს გამოაცხადა, მაგრამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან ერთად ვაქცინაციის მაჩვენებლებმა იკლო, წითელას შემთხვევებმა კი მოიმატა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემებით, წელს უკვე 1,648 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი ბევრად მაღალია. ამ ზაფხულს შემთხვევების რაოდენობამ 1992 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. შემთხვევათა დაახლოებით 67% ბავშვებსა და მოზარდებზე მოდის.
პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის (PAHO) თანახმად, ქვეყანა ელიმინაციის სტატუსის დაკარგვის რისკის წინაშე დგება, თუ ერთი და იმავე ვირუსული შტამის უწყვეტი გადაცემა მის ტერიტორიაზე 12 თვე ან მეტხანს გრძელდება.
“ელიმინაციის სტატუსის დაკარგვა მიუთითებს წითელას პრევენციისა და კონტროლის შესაძლებლობების დაქვეითებაზე და შეიძლება გამოიწვიოს შემთხვევების ზრდა, ჯანდაცვის სისტემებზე წნეხი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიღწევების უკუსვლა”, – ნათქვამია PAHO-ს განცხადებაში. “მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის დაკარგვას ფორმალური შედეგები არ მოჰყვება, ენდემურ წითელას ექნება სერიოზული სოციალური და ჯანმრთელობის შედეგები, მათ შორის პრევენცირებადი სიკვდილი მოწყვლად პოპულაციებში”.
ვაქცინის ფასეულობა
აშშ-ში წითელას ელიმინაციას ვაქცინის ლიცენზირებიდან თითქმის 40 წელი დასჭირდა. დოქტორ რატნერის თქმით, ქვეყანამ ისწავლა, რომ ამისთვის საჭირო იყო ვაქცინის ორი დოზა, სკოლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა და ვაქცინებზე ფინანსური ბარიერების მოხსნა.
AAP-ის რეკომენდაციით, პაციენტები დაცული უნდა იყვნენ წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინის ორი დოზით. ერთი დოზა 93%-ით ეფექტიანია წითელას წინააღმდეგ, ორი დოზა კი – 97%-ით. წელს დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 92% იყო აუცრელი ან უცნობი ვაქცინაციის სტატუსის მქონე.
ათწლეულების განმავლობაში, ანტი-სავაქცინაციო მოძრაობა ცდილობდა, ეჭვქვეშ დაეყენებინა წითელას ვაქცინის უსაფრთხოება. ბოლო წლებში MMR ვაქცინაციის მაჩვენებლები საბავშვო ბაღების აღსაზრდელებში მცირდება. ამ ფონზე, აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი, რობერტ ფ. კენედი უმცროსი, აგრძელებს ვაქცინების მიმართ უნდობლობის დანერგვას და წითელას დაუმტკიცებელი სამკურნალო საშუალებების პოპულარიზაციას.
წითელას შედეგები: იმუნური ამნეზია
წითელას შედეგები შეიძლება მძიმე იყოს. წელს პაციენტების დაახლოებით 12% ჰოსპიტალიზებული იყო, სამი ადამიანი კი გარდაიცვალა, მათ შორის ორი ბავშვი. სექტემბერში, ლოს-ანჯელესის ოლქმა გამოაცხადა სკოლის ასაკის ბავშვის გარდაცვალების შესახებ ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტის (SSPE) დიაგნოზით, რაც ტვინის პროგრესირებადი აშლილობაა. ეს მდგომარეობა დაკავშირებული იყო წითელას ინფექციასთან, რომელიც ბავშვმა ჩვილობაში გადაიტანა.
წითელას ასევე შეუძლია გამოიწვიოს “იმუნური ამნეზია”. ის თავს ესხმის იმუნური სისტემის მეხსიერების უჯრედებს, რითაც ორგანიზმს უჭირს სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა.
“თქვენ კარგავთ ერთგვარ ენციკლოპედიას, რაზეც თქვენი იმუნური სისტემა მუშაობდა და იმახსოვრებდა ამ დრომდე”, – ამბობს დოქტორი რატნერი. “იმუნიტეტი ბრუნდება, მაგრამ ამას წლები სჭირდება. და წითელას გადატანიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, ბავშვებს სხვა ინფექციური დაავადებებით გარდაცვალების მაღალი რისკი აქვთ”.
მიუხედავად ამ პოტენციური შედეგებისა, ვაქცინების შესახებ უსაფუძვლო შიშები ზოგიერთ საზოგადოებაში დამკვიდრდა. თუმცა, დოქტორი რატნერი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ზოგიერთი ოჯახი აზრს არ შეიცვლის, სანამ შემთხვევების რიცხვი კიდევ უფრო არ გაუარესდება.
“ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს არ მოხდეს”, – ამბობს ის. “პრობლემა ისაა, რომ ფასი, რომელსაც ამ გაკვეთილის ხელახლა სასწავლად ვიხდით, რეალური ბავშვების სიცოცხლეა… ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად”.




