ეთიოპიის ჯანმრთელობის სამინისტრომ სამხრეთ ეთიოპიის რეგიონში მარბურგის ვირუსული დაავადების აფეთქება დაადასტურა, რაც ქვეყნისთვის პირველი ასეთი შემთხვევაა. დადასტურება მოხდა ვირუსული ჰემორაგიული ცხელების საეჭვო შემთხვევების კლასტერიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული ტესტირების შემდეგ.
ვირუსული ჰემორაგიული ცხელება არის მწვავე ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რომელსაც იწვევს ვირუსების რამდენიმე სხვადასხვა ოჯახი. მათ ახასიათებთ მაღალი ტემპერატურა, სისუსტე და მძიმე შემთხვევებში სისხლდენა (ჰემორაგია).
ეთიოპიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსი იმავე შტამს განეკუთვნება, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში წინა აფეთქებების დროს დაფიქსირდა. აფეთქების ფარგლებში, რომელმაც სამხრეთ ეთიოპიის რეგიონის ქალაქი ჯინკა დააზარალა, სულ ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული.
ეროვნული უწყებები აძლიერებენ საპასუხო ზომებს, მათ შორის საზოგადოების ფართო სკრინინგს, შემთხვევების იზოლაციას, მკურნალობას, კონტაქტების მოძიებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა შეაჩერონ მარბურგის ვირუსის გავრცელება. ეს ვირუსი იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ებოლას ვირუსული დაავადების გამომწვევი ვირუსი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და პარტნიორები მხარს უჭერენ მთავრობას ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და აფეთქების დასასრულებლად მიმართული საპასუხო ღონისძიებების გაძლიერებაში. რეგიონში გაიგზავნა რეაგირების ჯგუფი, რომელსაც ვირუსული ჰემორაგიული ცხელების აფეთქებებზე რეაგირების ექსპერტიზა აქვს, ასევე სამედიცინო მარაგი და აღჭურვილობა.
მარბურგის ვირუსული დაავადება მძიმე და ხშირად ფატალური დაავადებაა, რომელსაც მარბურგის ვირუსი იწვევს. დაავადება ადამიანებზე ხილის ღამურებიდან გადადის (ზოონოზი – დაავადება, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის) და ვრცელდება ადამიანებს შორის ინფიცირებული პირების სხეულის სითხეებთან ან დაბინძურებულ მასალებთან პირდაპირი კონტაქტით.
საწყისი სიმპტომებია მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და დაღლილობა. ბევრ პაციენტს დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში უვითარდება ძლიერი სისხლდენა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პერსპექტიული სამედიცინო კონტრზომა ამჟამად კლინიკურ კვლევებს გადის, მარბურგის ვირუსული დაავადების ეფექტური მართვის ან პრევენციისთვის ლიცენზირებული თერაპია ან ვაქცინა არ არსებობს. თუმცა, დამხმარე მკურნალობაზე (სიმპტომური მკურნალობა) და ზრუნვაზე ადრეული ხელმისაწვდომობა – რეჰიდრატაცია ორალური ან ინტრავენური სითხეებით – და სპეციფიკური სიმპტომების მკურნალობა, აუმჯობესებს გადარჩენის შანსს.
აფრიკის რეგიონში, წინა აფეთქებები და სპორადული შემთხვევები დაფიქსირდა ანგოლაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, განაში, კენიაში, ეკვატორულ გვინეაში, რუანდაში, სამხრეთ აფრიკაში, ტანზანიასა და უგანდაში.




