ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა თანამედროვე მედიცინის ტრიუმფია, თუმცა მას ერთი შეზღუდვა აქვს: მას არ შეუძლია უკვე არსებული ინფექციის აღმოფხვრა. მას შემდეგ, რაც HPV ორგანიზმში ფეხს მოიკიდებს, დამტკიცებულ ვაქცინებს არ შეუძლიათ მისი პროგრესირების შეჩერება კიბომდე. შესაბამისად, მკურნალობის მთავარ გზად ქირურგია და ქიმიოთერაპია რჩება.
იაპონიის ჩიბას უნივერსიტეტის მკვლევრები ამ რეალობის შეცვლას ცდილობენ. მათ შექმნეს ნანოგელის შემცველი ცხვირის (ინტრანაზალური) ვაქცინა, რომელმაც პრეკლინიკურ მოდელებში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.
ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევა აღწერს თერაპიულ ვაქცინას, რომელიც ააქტიურებს ლოკალურ იმუნურ პასუხს და ანელებს სიმსივნის ზრდას ცხოველურ მოდელებში.
პრევენციიდან მკურნალობამდე
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა და მას ძირითადად HPV-ის მაღალი რისკის შტამებით ქრონიკული ინფიცირება იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ პროფილაქტიკური ვაქცინები (რაც დღეს გამოიყენება) ინფექციას თავიდან გვაცილებს, არსებობს თერაპიული ვაქცინების საჭიროება, რომლებიც უკვე განვითარებულ დაავადებას უმკურნალებს.
დღეს არსებული მკურნალობის მეთოდები – ოპერაცია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია – ინვაზიურია და ხშირად საფრთხეს უქმნის ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას (შვილოსნობის უნარს).
როგორ მუშაობს “ცხვირის ვაქცინა”?
ჩიბას უნივერსიტეტის გუნდმა გამოიყენა სპეციალური კათიონური ნანოგელი (cCHP), რათა HPV-ის ანტიგენები პირდაპირ ცხვირის ლორწოვან გარსში მიეტანა.
ტერმინის განმარტება: კათიონური ნანოგელი ეს არის დადებითად დამუხტული მიკროსკოპული ნაწილაკების მასა. რადგან ცხვირის ლორწოვანი გარსი უარყოფითადაა დამუხტული, ეს გელი მას ეწებება და წამალს (ანტიგენს) ნელ-ნელა, ეფექტურად აწვდის ორგანიზმს.
ვაქცინა მიზანში იღებს ცილა E7-ს, რომელსაც გამოიმუშავებს HPV16 (კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული შტამი). მკვლევრებმა ეს ცილა გააერთიანეს სპეციალურ დამხმარე ნივთიერებასთან (ადიუვანტთან), რომელიც აძლიერებს იმუნურ პასუხს.
შედეგები ცხოველებში
თაგვებში ვაქცინამ მნიშვნელოვნად შეანელა სიმსივნის ზრდა და გამოიწვია სპეციფიკური T-უჯრედების (იმუნური უჯრედების) გაჩენა საშვილოსნოს ყელის ქსოვილში.
რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინა გამოსცადეს პრიმატებზეც (მაკაკებზე). სპეციალური სპრეის გამოყენებით, რომელიც ადამიანებისთვისაც გამოსადეგია, ოთხმა დოზამ მაიმუნების საშვილოსნოს ყელის ქსოვილში ძლიერი იმუნური პასუხი გამოიწვია. ეფექტი ნარჩუნდებოდა ბოლო დოზიდან ოთხი თვის განმავლობაშიც.
“ჩვენ შევქმენით ინტრანაზალური თერაპიული ვაქცინა, როგორც არაინვაზიური ალტერნატივა ტრადიციული მკურნალობისა, რომელიც ხშირად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს”, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, რიკა ნაკაჰაში-ოუჩიდამ.
რატომ ცხვირიდან?
აღმოჩენა ეფუძნება კონცეფციას, რომელსაც “რესპირატორულ-რეპროდუქციული ღერძი” ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ სასუნთქ გზებში (ცხვირში) იმუნიტეტის სტიმულირებას შეუძლია გამოიწვიოს იმუნური პასუხი რეპროდუქციულ ტრაქტშიც.
ეს მიდგომა პაციენტებს სთავაზობს უსაფრთხო, არაინვაზიურ გზას, შეინარჩუნონ ფერტილობა და თავიდან აიცილონ მძიმე ოპერაციები. თუმცა, ვიდრე ეს მეთოდი კლინიკებში გამოჩნდება, საჭიროა კვლევების გაგრძელება ადამიანებზე.




