ბოლო დღეებში აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტმა (U.S. Department of Health and Human Services – HHS) წარადგინა ბავშვთა და მოზარდთა იმუნიზაციის რეკომენდაციების განახლებული ხედვა, რომელიც მოიცავდა რამდენიმე ვაქცინის სქემისა და გამოყენების მიდგომის შეცვლას. სწორედ ამ იმუნიზაციის პოლიტიკის ფართო ცვლილებების პაკეტის ფარგლებში (იხ. Gowell სტატია) გაჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება — ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინის, Gardasil 9-ის, შესაძლო გამოყენება ერთდოზიანი რეჟიმით.
ამ ცვლილებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან HPV ვაქცინაცია წლების განმავლობაში განიხილებოდა, როგორც კიბოს პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენცია. სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივ და პროფესიულ დისკუსიაში კითხვა არ შემოიფარგლა მხოლოდ იმით, “მუშაობს თუ არა ერთი დოზა“, არამედ მოიცავდა უფრო ფართო საკითხებს: რა სამეცნიერო საფუძველს ეყრდნობა ეს ცვლილება, რამდენად შეესაბამება იგი საერთაშორისო პრაქტიკას და რამდენად გამჭვირვალე იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
იმისთვის, რომ საკითხი სწორად აღვიქვათ, აუცილებელია დავიწყოთ იმით, თუ რა სქემა გამოიყენებოდა აქამდე და რატომ ითვლებოდა იგი სტანდარტად.
წლების განმავლობაში აშშ-სა და სხვა მაღალი შემოსავლის მქონე არაერთ ქვეყანაში მოქმედებდა HPV ვაქცინაციის მრავალდოზიანი სქემა. 9–14 წლის ასაკში რეკომენდებული იყო ორი დოზა, ხოლო 15 წლის ზემოთ და იმუნოკომპრომეტირებულ პირებში – სამი დოზა. ეს სქემა ეფუძნებოდა კლინიკურ კვლევებს, რომლებმაც აჩვენა, რომ მრავალდოზიანი რეჟიმი იყო უსაფრთხო და უზრუნველყოფდა ძლიერ და სტაბილურ იმუნურ პასუხს სხვადასხვა ასაკობრივ და რისკ-ჯგუფში. სწორედ ამ მოდელმა შექმნა საფუძველი იმ წარმატებისთვის, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა HPV-თან ასოცირებული კიბოსწინარე დაზიანებები (მაგალითად, საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია – CIN) და, შესაბამისად, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების რაოდენობა იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ფართოდ დაინერგა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეტანილია და რეკომენდებულია 10-11-12 წლის გოგოებისა და ბიჭებისთვის. 2025 წელს, იმუნიზაციის პროგრამა გაფართოვდა და ვაქცინაცია სრულად ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ 10-45 წლის ასაკის გოგოებისა და ქალებისთვის და 10-26 წლის ასაკის ბიჭებისა და კაცებისთვის. ჯერ-ჯერობით უცნობია, შენარჩუნდება თუ არა პროგრამის გაფართოებული სტატუსი 2026 წელს ან გადაიხედება თუ არა ვაქცინაციის არსებული სქემა.
HPV სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე ხშირი ინფექციაა და მოიცავს 200-ზე მეტ შტამს (ტიპს), რომლის ზოგიერთი ტიპი დაბალი რისკისაა და ძირითადად იწვევს გენიტალურ და კანის მეჭეჭებს, ხოლო ზოგიერთი – მაღალი რისკის და პირდაპირ უკავშირდება კიბოს განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტიპებია HPV 16 და 18, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 70 პროცენტს. ამ ორ შტამზე მოდის ანალური, ოროფარინგეალური (პირ-ხახის) და გენიტალური კიბოების შემთხვევების უმრავლესობაც. Gardasil 9 ფარავს როგორც ამ მაღალრისკიან შტამებს, ისე დამატებით ონკოგენურ (კიბოს გამომწვევ) და არაონკოგენურ ტიპებს, რაც მას ყველაზე ფართო სპექტრის HPV ვაქცინად აქცევს.
ერთდოზიანი რეჟიმის იდეა არ გაჩენილა მოულოდნელად. ჯერ კიდევ ათ წელზე მეტი ხნის წინ, ობსერვაციულ (დაკვირვებით) კვლევებში გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ მონაწილეს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით მიიღო მხოლოდ ერთი დოზა, მაინც ჰქონდა მნიშვნელოვანი დაცვა HPV 16 და 18 ტიპების წინააღმდეგ. ეს დაკვირვებები განსაკუთრებით საინტერესო გახდა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტექსტში, სადაც მრავალდოზიანი სქემების განხორციელება ხშირად რთულია ვაქცინების მიწოდების, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის მობილობის გამო.
ამ ფონზე დაიწყო მიზანმიმართული კვლევები, რომელთა მთავარი ამოცანა იყო დაედგინათ, შეუძლია თუ არა ვაქცინის ერთ დოზას უზრუნველყოს ეფექტური და ხანგრძლივი დაცვა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება მოდის კენიაში ჩატარებული KEN SHE რანდომიზებული კონტროლირებული კვლევიდან, სადაც ახალგაზრდა ქალებში შეფასდა HPV ვაქცინის ერთი დოზის ეფექტიანობა. კვლევამ აჩვენა მაღალი, 90 პროცენტზე მეტი ეფექტიანობა HPV 16 და 18 ტიპების წინააღმდეგ, უსაფრთხოების კარგი პროფილი და იმუნური პასუხის შენარჩუნება რამდენიმეწლიანი დაკვირვების შედეგად. ამ კვლევის შემდგომმა ანალიზებმა, რომლებიც წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვყენდა, დაადასტურა, რომ დაცვა არ იყო მოკლევადიანი და არ სუსტდებოდა დროთა განმავლობაში.
გრძელვადიანი პერსპექტივის შეფასებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს Costa Rica Vaccine Trial-ის მონაცემებს. ამ კვლევაში მონაწილე ქალების ნაწილმა მიიღო მხოლოდ ერთი დოზა, თუმცა მათზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ HPV 16 და 18-ის წინააღმდეგ დაცვა შენარჩუნებული იყო ათ წელზე ხანგრძლივად. ასეთი გრძელვადიანი დაკვირვებები ვაქცინოლოგიაში არცთუ ისე ხშირია და სწორედ ისინი ქმნიან საფუძველს დისკუსიისთვის ვაქცინის სქემის გადახედვის შესახებ.
დაგროვილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2022 წელს განაახლა HPV ვაქცინაციის რეკომენდაციები და მიუთითა, რომ 9–14 წლის გოგოებისთვის და 15-20 წლის გოგოებისა და ქალებისთვის დასაშვებია ვაქცინის როგორც ერთი, ისე ორი დოზა. 2024 წლისთვის WHO მიუთითებდა, რომ 50-ზე მეტ ქვეყანაში უკვე ინერგებოდა ერთდოზიანი რეჟიმი ეროვნულ პროგრამებში. ამ მხრივ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ირლანდია წარმოადგენენ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მაგალითებს, რომლებმაც ოფიციალურად დანერგეს ვაქცინაციის 1-დოზიანი რეჟიმი მოზარდთა იმუნიზაციის პროგრამებში.
ამ ფონზე აშშ-ში გამოცხადებული ცვლილება შინაარსობრივად სრულად არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას. თუმცა დებატების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება არა მხოლოდ იმას, რამდენად შესაძლებელი იყო 1-დოზიან რეჟიმზდე გადასვლა, არამედ იმას, როგორ მოხდა რეკომენდაციის შეცვლა. ბევრი ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება გამოცხადდა ფართო იმუნიზაციის პოლიტიკის ცვლილებების ნაწილად და არა მხოლოდ HPV ვაქცინის თემაზე ფოკუსირებული, ეტაპობრივი პროფესიული განხილვის შედეგად, რაც ტრადიციულად ხდებოდა საკონსულტაციო ორგანოებთან მჭიდრო კომუნიკაციის შემდეგ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Gardasil 9-ის მწარმოებელი კომპანიის, Merck-ის პოზიციასაც. Merck საჯაროდ ამბობს, რომ ერთდოზიან რეჟიმს აქვს პოტენციალი და თავადაც ატარებს შესაბამის კვლევებს, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ერთი დოზა გახდეს უნივერსალური სტანდარტი ყველა ასაკობრივ და რისკ-ჯგუფში. კომპანიის განცხადებებში აქცენტი კეთდება განსაკუთრებულ სიფრთხილეზე ვაქცინის სქემის შეცვლის შესახებ იმუნოკომპრომეტირებულ და უფროს ასაკობრივ ჯგუფებში.
ეკონომიკური ასპექტიც არ დარჩენილა გსანხილვის მიღმა. თეორიულად, ერთდოზიანი სქემა შეიძლება ნიშნავდეს შემოსავლის შემცირებას თითოეულ ვაქცინირებულ ადამიანზე, რადგან ნაკლები დოზა იყდება. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ერთდოზიანი რეჟიმი გაზრდის ვაქცინაციის მოცვას და შეამცირებს პროგრამის ადმინისტრაციულ სირთულეებს, საერთო ბაზრის გაფართოებამ შეიძლება ეს ეფექტი ნაწილობრივ ან სრულად დააბალანსოს.
HPV ვაქცინაციის ერთდოზიან რეჟიმზე გადასვლა ეფუძნება რეალურ და მზარდ სამეცნიერო მტკიცებულებებს, განსაკუთრებით მოზარდ გოგოებში. იგი შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და უკვე დანერგილია არაერთ ქვეყანაში. ამავე დროს, აშშ-ის შემთხვევაში დისკუსია სცდება ბიოლოგიურ ეფექტიანობას და მოიცავს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, კომუნიკაციასა და საზოგადოებრივი ნდობის საკითხს. სწორედ ამ ბალანსის პოვნა განსაზღვრავს, როგორ განვითარდება HPV ვაქცინაციის პოლიტიკა მომავალ წლებში.




