მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გავლენა ჯერ კიდევ შესამჩნევია, მეცნიერები ახალ პოტენციურ რისკებზე მიუთითებენ. ჟურნალ BMC Public Health-ში გამოქვეყნებული ახალი სიმულაციური კვლევის თანახმად, იდენტიფიცირებულია ის დროითი მონაკვეთი, რომლის დროსაც H5N1-ის (ფრინველის გრიპის) გავრცელების შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ვირუსის ადამიანებს შორის მდგრადი გადაცემის დაწყების შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებს შესაძლოა მხოლოდ ორი დღე ჰქონდეთ რეაგირებისთვის, ვიდრე სიტუაცია რთულად სამართავი გახდება.
რას აჩვენა ფრინველის გრიპის სიმულაციამ?
დღეისათვის H5N1 ძირითადად ფრინველებშია გავრცელებული, ხოლო ადამიანის ინფიცირების შემთხვევები ეპიზოდურია. თუმცა, აღნიშნული შემთხვევები ხასიათდება გართულებებით – ინფიცირებულთა მცირე ჯგუფში, რომელთა შესახებ ინფორმაციაც არსებობს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს.
ბოლო პერიოდში ვირუსის აღმოჩენამ ძროხებსა და სხვა ძუძუმწოვრებში გაზარდა ყურადღება იმის შესახებ, რომ ვირუსი შესაძლოა ადაპტირდეს და ადამიანებს შორის გავრცელების უნარი შეიძინოს.
იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ე.წ. “სპილოვერის” (Spillover) სცენარი, მკვლევრებმა შექმნეს ინდოეთის ნამაკალის რაიონის მოდელი. ეს რეგიონი კვერცხის წარმოების ერთ-ერთი მსხვილი ცენტრია.
ტერმინის განმარტება: სპილოვერი – პროცესი, როდესაც პათოგენი ერთი სახეობიდან, მაგალითად ცხოველიდან, გადადის მეორეზე
სიმულაციის მიხედვით, ინფიცირებულმა ფრინველებმა ვირუსის აფეთქება გამოიწვიეს ერთ სამუშაო ადგილზე, საიდანაც ინფექცია ფერმებში, ოჯახებში, სკოლებსა და თემში გავრცელდა.
დრო და რეაგირების სისწრაფე
სიმულაციის შედეგები აჩვენებს შემდეგ ტენდენციებს:
-
10 დღიანი პერიოდი: თუ ინფიცირებულ ფრინველებს აფეთქების დაფიქსირებიდან 10 დღის განმავლობაში გაანადგურებენ, ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის რისკი მცირდება.
-
დაგვიანებული რეაგირება: თუ პროცესი 20 დღემდე გაგრძელდა, ვირუსის ფერმერებამდე მიღწევის ალბათობა მაღალია.
კრიტიკული მომენტი დგება მაშინ, როდესაც ვირუსი ადამიანებში იწყებს ცირკულირებას. თუ კარანტინი გამოცხადდება მაშინ, როცა დადასტურებულია მხოლოდ 2 შემთხვევა, აფეთქების შეჩერება ხშირად შესაძლებელია.
თუმცა, თუ დაველოდებით 10 შემთხვევის დადასტურებას, შედეგი ფაქტობრივად უტოლდება უმოქმედობას. მოდელი აჩვენებს, რომ 2-დან 10 შემთხვევამდე ზრდის პერიოდში ვირუსი სცდება პირველად კონტაქტებს და საზოგადოებაში ვრცელდება. ამ ეტაპზე ეფექტურ ზომად რჩება ლოქდაუნი და მასობრივი ვაქცინაცია.
როგორ მუშაობს “BharatSim” მოდელი?
სიმულაცია შეიქმნა პლატფორმით BharatSim, რომელიც ასახავს ადამიანების ურთიერთქმედებას სოციალურ გარემოში. დემოგრაფიული და ქცევითი მონაცემების გამოყენებით, სისტემა ახდენს ვირუსის გავრცელების რეკონსტრუქციას.
ადრეული ინფიცირების შემთხვევებზე დაკვირვებით, მოდელს შეუძლია გამოთვალოს რეპროდუქციული რიცხვი.
ტერმინის განმარტება: რეპროდუქციული რიცხვი, იგივე R0 – მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს, საშუალოდ რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია ერთ დაავადებულს.
შესაძლებელია თუ არა H5N1-ის პრევენცია?
მკვლევართა ჯგუფის თანახმად, ძირითადი გამოწვევა დროული იდენტიფიცირებაა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რეაგირების სისწრაფე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასშტაბი.
“კონტროლის ზომებს ყველაზე დიდი ეფექტი აქვს აფეთქების საწყის ეტაპზე. მას შემდეგ, რაც ვირუსი საზოგადოებრივ გადაცემაზე გადადის, რჩება მხოლოდ ისეთი მეთოდები, როგორიცაა შეზღუდვები და ვაქცინაცია,” – განმარტავენ კვლევის ავტორები.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პარადოქსი: რატომ არის H5N1 საშიში და რა კავშირი აქვს მას კვერცხის ფასებთან?
რატომ არის H5N1 (ფრინველის გრიპი) საშიში? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ვირუსოლოგიაში არ უნდა ვეძებოთ. პრობლემა გაცილებით კომპლექსურია და ის ეყრდნობა ე.წ. “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პარადოქსს”: ჩვენ გვაქვს მეცნიერული ცოდნა და ვაქცინის შექმნის ტექნოლოგია, მაგრამ რთულია სპონსორების მოძიება მისი მასობრივი წარმოებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ პრევენციის წარმატება იზომება იმით, რომ არაფერი ხდება. იმისთვის, რომ არაფერი მოხდეს, საჭიროა უზარმაზარი რესურსი, რაც ხშირად ფინანსურ და პოლიტიკურ წინააღმდეგობას აწყდება.
სწორედ ამ პარადოქსის ნათელი მაგალითია 2024-2025 წლების მოვლენები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბიოუსაფრთხოების პროტოკოლები პოლიტიკური სპეკულაციების საგნად იქცა.
კვერცხის კრიზისი და პოლიტიკური ქარიშხალი
2025 წლის მარტში, აშშ-ში კვერცხი – ინფლაციის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი პროდუქტი – პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცა. ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია (საშუალოდ 6.23$ ათეულზე), რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.
სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა ნარატივი, თითქოს ქათმების განადგურება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ილონ მასკმა, რომელიც “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის” (DOGE) არაფორმალური მრჩეველი იყო, გააზიარა ინფორმაცია 150 მილიონი კვერცხმდებელი ქათმის განადგურების შესახებ და პასუხისმგებლობა ბაიდენის ადმინისტრაციას დააკისრა. პარალელურად, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ფასების კლება მისი გავლენის შედეგი იყო, თუმცა რეალური საბაზრო მონაცემები ფასების მაღალ ნიშნულს აჩვენებდა.
რა მოხდა სინამდვილეში?
ქათმების განადგურება ნამდვილად განხორციელდა, მაგრამ არა პოლიტიკური ნიშნით. ეს იყო აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სტანდარტული, მრავალწლიანი ბიოუსაფრთხოების პროტოკოლის აღსრულება. პროტოკოლი მკაცრად განსაზღვრავს: თუ ფერმაში ფიქსირდება H5N1, ინფექციის გავრცელების და ადამიანებზე გადასვლის პრევენციის მიზნით, ფარა სრულად უნდა განადგურდეს.
ეს ღონისძიება ემსახურება ერთ მიზანს: შეაჩეროს ვირუსი, რომელსაც პოტენციურად პანდემიის გამოწვევა შეუძლია.
ეშმაკთან გარიგება: გაკვეთილი ინდონეზიიდან
იმის გასაგებად, თუ რამდენად რთულია H5N1-ის მართვა, უნდა გავიხსენოთ 2006 წელს ინდონეზიაში, სუმატრაზე მომხდარი შემთხვევა, რომელიც მეცნიერებაში “გინტინგების ოჯახის კლასტერის” სახელითაა ცნობილი.
ოჯახში დაავადება გავრცელდა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მოსახლეობა და ოჯახის წევრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს იყო წყევლა ან “შავი მაგია”, რომელიც ოჯახის გარდაცვლილ წევრს, პონტენ გინტინგს უკავშირდებოდა. ისინი უარს ამბობდნენ ანტივირუსულ მკურნალობაზე და ენდობოდნენ მხოლოდ ტრადიციულ რიტუალებს.
ეპიდემიოლოგებისთვის ეს შემთხვევა საგანგაშო იყო სხვა მიზეზით: დაფიქსირდა ვირუსის გადაცემა ადამიანებს შორის (ადამიანი -> ადამიანი -> ადამიანი), რაც H5N1-ისთვის იშვიათია.
მეცნიერული დასკვნა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ მედიკამენტებზე, არამედ ადამიანების რწმენებისა და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებაზე. თუ საზოგადოება არ ენდობა მეცნიერებას, გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტა შეუძლებელი ხდება.
ვირუსის მექანიკა: რატომ ჭირდება H5N1-ს მუტაცია?
გრიპის ვირუსს აქვს ორი ძირითადი ზედაპირული ცილა, რომლებიც მის კლასიფიკაციას განსაზღვრავს:
-
ჰემაგლუტინინი (H): ეხმარება ვირუსს უჯრედში შეღწევაში.
-
ნეირამინიდაზა (N): ეხმარება ვირუსს უჯრედიდან გამოსვლაში და გავრცელებაში.
ადამიანის დაინფიცირებისთვის, H5 ტიპის ვირუსმა უნდა გადალახოს ბიოლოგიური ბარიერი. ფრინველის გრიპის ვირუსი ებმის ფრინველის უჯრედებზე არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს (სიალინის მჟავას). ადამიანის სასუნთქ გზებში არსებული რეცეპტორები ოდნავ განსხვავდება. იმისთვის, რომ H5N1 ადამიანებში მასობრივად გავრცელდეს, მან უნდა განიცადოს მუტაცია და “ისწავლოს” ადამიანის რეცეპტორებთან დაკავშირება.
საფრთხე: ვირუსი მუდმივად ცირკულირებს ველურ ბუნებასა და ფერმებში. ყოველი ახალი ინფიცირებული ორგანიზმი არის “მიკროსკოპული ლაბორატორია”, სადაც ვირუსს მუტაციის შანსი ეძლევა.
ისტორიული მეხსიერება და “პირველცოდვილი ანტიგენი”
იმუნოლოგიაში არსებობს კონცეფცია “პირველცოდვილი ანტიგენი”
ტერმინის განმარტება: Original Antigenic Sin – ფენომენი, როდესაც იმუნური სისტემა ახალ ვირუსს პასუხობს იმ პირველი ინფექციის მეხსიერების საფუძველზე, რომელსაც ბავშვობაში შეხვდა.
კვლევებმა აჩვენა საინტერესო კანონზომიერება:
-
ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ 1968 წლამდე და შეხვდნენ H1 ან H2 ტიპის ვირუსებს, გარკვეულწილად დაცულნი არიან H7N9-ისგან, მაგრამ მოწყვლადნი არიან H5N1-ის მიმართ.
-
1968 წლის შემდეგ დაბადებულები, რომელთა პირველი გრიპი H3N2 იყო, უფრო მძიმედ იტანენ H5N1-ს.
ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი H5N1-ის წინაშე იმუნოლოგიურად დაუცველია.
თანამედროვე გამოწვევები: ძროხები და ვაქცინაცია
2024 წელს H5N1-ის გავრცელების არეალი გაფართოვდა და მოიცვა ძუძუმწოვრები, კონკრეტულად კი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი აშშ-ში. ვირუსი აღმოჩნდა დაუპასტერიზებელ რძეშიც. დაფიქსირდა ფერმერების ინფიცირების შემთხვევებიც (ძირითადად კონიუნქტივიტის სახით).
პრობლემის გადაჭრის გზა ვაქცინაციაა. საბედნიეროდ, კაცობრიობა H5N1-ის წინაშე ‘ცარიელი ხელებით’ არ დგას. დღეს უკვე არსებობს და ლიცენზირებულია რამდენიმე ტიპის ვაქცინა, რომელთა სტრატეგიულ მარაგებსაც აშშ და ევროკავშირი აგროვებენ. უფრო მეტიც, ფინეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 2024 წელს მაღალი რისკის ჯგუფების (ბეწვიანი ცხოველების ფერმერებისა და ვეტერინარების) პრევენციული ვაქცინაცია დაიწყო CSL Seqirus-ის პრეპარატით. პარალელურად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა mRNA ტექნოლოგიის დანერგვაზე (მაგალითად, Moderna-ს და Pfizer-ის საცდელი კვლევები), რაც პანდემიის შემთხვევაში ვაქცინის ადაპტირებისა და წარმოების სისწრაფეს რევოლუციურად გაზრდის. ეს ნიშნავს, რომ COVID-19-ისგან განსხვავებით, სადაც მეცნიერები უცნობ მტერს ებრძოდნენ, ახლა ჩვენ არ ვიწყებთ ნულიდან – მეცნიერებას უკვე აქვს ‘სამუშაო ვერსია’, მთავარი გამოწვევა კი მისი მასშტაბირება და დროული ხელმისაწვდომობაა. თუმცა, აქ ვუბრუნდებით საწყის პარადოქსს: დაფინანსება. მაგალითად აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გააუქმა კომპანია Moderna-სთვის განკუთვნილი 766 მილიონი დოლარის გრანტი, რომელიც პანდემიური გრიპის ვაქცინის შექმნას უნდა მოხმარებოდა.
მიდგომა ასეთია: ვაქცინა გვაქვს, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია მისი მასიური წარმოება. მაგრამ გვაქვს კი ამდენი დრო? სიმულაციური კვლევა გვიჩვენებს, რომ – არა. იმ შემთხვევაში, თუ H5N1 ადამიანებზე გავრცელებას საიწყებს, 2 დღეში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისი შეიქმნება, ვაქცინის წარმოებაში დაკარგული დრო კი დაკარგული სიცოცხლეების ფასი იქნება.
ამავე თემაზე:
ასევე დაგაინტერესებთ:




