გონორეა – მზარდი საფრთხე და ახალი იმედი
გონორეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომლის მკურნალობაც სულ უფრო რთულდება ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიის რეზისტენტობის ზრდის გამო. ახლა კი გაჩნდა იმედი – ინგლისი იწყებს მსოფლიოში პირველ ვაქცინაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ამ ინფექციის პრევენციას.
ვაქცინა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ეფექტური
ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური (NHS) 2025 წლის აგვისტოდან იწყებს ვაქცინაციის პროგრამას, რომელიც დაფუძნებულია მენინგოკოკური B ტიპის ვაქცინაზე 4CMenB (Bexsero). მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაქცინა თავდაპირველად ბავშვებში მენინგოკოკური ინფექციების საწინააღმდეგოდ შეიქმნა, კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია გონორეას შემთხვევათა შემცირება მოზრდილებში დაახლოებით 30–40 პროცენტით. ეს ეფუძნება მენინგოკოკისა და გონორეას გამომწვევი ბაქტერიების გენეტიკურ მსგავსებას.
რატომ გახდა ეს საჭირო – რიცხვები და რისკები
2023 წელს ინგლისში გონორეას 85,000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც სამჯერ მეტია 2012 წელთან შედარებით. ამასთან, გლობალურად იზრდება მრავალრეზისტენტული გონორეას გავრცელება. 87 ქვეყანაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად 9 ქვეყანაში დაფიქსირდა ცეფტრაიაქსონის მიმართ მაღალი რეზისტენტობა – ეს ანტიბიოტიკი დღეს ითვლება გონორეას მკურნალობის ერთ-ერთ უკანასკნელ ვარიანტად.
განსხვავება ჩვეულებრივ და მრავალრეზისტენტულ გონორეას შორის იმაშია, რომ პირველის მკურნალობა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ხოლო მეორესთან მოქმედი თერაპიული ვარიანტები მნიშვნელოვნად შემოიზღუდა. ასეთმა შტამებმა შეიძლება საფუძვლიანად შეცვალონ მკურნალობის სტანდარტები.
ვინ მიიღებს ვაქცინას?
ვაქცინა შეთავაზებული იქნება მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის. ვაქცინაცია განხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ სქესობრივი ჯანმრთელობის სერვისებში. ვიზიტისას მოქალაქეებს ასევე შესთავაზებენ ვაქცინაციას MPOX-ის, A და B ჰეპატიტის და ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) წინააღმდეგ.
გადაცემის გზები და სიმპტომები – როგორ ვლინდება გონორეა
გონორეა გადადის ვაგინალური, ანალური და ორალური სქესობრივი კონტაქტით. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება უსიმპტომოდ, რაც ზრდის გადაცემის რისკს.
მამაკაცებში ხშირია:
-
წვის შეგრძნება შარდვისას
-
ჩირქოვანი გამონადენი
-
ტკივილი სათესლე ჯირკვლებში
ქალებში:
-
ტკივილი შარდვისას
-
არარეგულარული სისხლდენა
-
ქვემო მუცლის ტკივილი
-
გამონადენი ვაგინიდან
გლობალური პერსპექტივა – რა ხდება საქართველოში და სხვა ქვეყნებში
ამჟამად მხოლოდ ინგლისი ახორციელებს გონორეას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამას. აშშ-ში Bexsero დამტკიცებულია როგორც მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა და გამოიყენება მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებში, მაგალითად კოლეჯის სტუდენტებში ან იმუნოკომპრომეტირებულ პირებში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კვლევებმა გონორეას წინააღმდეგ მის ეფექტურობაზეც მიანიშნა, ამერიკაში ეს ვაქცინა ჯერ არ გამოიყენება გონორეას პრევენციის ოფიციალურ საშუალებად და არ არსებობს ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც ამ მიზნით მის დანერგვას ითვალისწინებს.
საქართველოში მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გვაქვს. მისი მოძიება მხოლოდ კომერციულადაა შესაძლებელი ცალკეულ კლინიკებში. შესაბამისად, ვერც გონორეასგან დავიცავთ თავს თუნდაც 30-40%-ით.
გონორეა შესაძლოა არ იყოს ისეთი თვალშისაცემი პრობლემა, როგორც COVID-19 ან გრიპი, მაგრამ ის წარმოადგენს მზარდ და რეალურ საფრთხეს. ვაქცინა კი გვთავაზობს შანსს, რომ მასთან ბრძოლა მხოლოდ მკურნალობაზე კი არა, პრევენციაზეც ავაგოთ.
მოუსმინეთ “ჯანსაღი დიალოგის ეპიზოდს” სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე:
გამოყენებული მასალები:
-
NHS England. “NHS and local government to roll out world-first vaccine programme to prevent gonorrhoea.”
-
The Sun. “World-first gonorrhoea vaccine rollout to start on the NHS to tackle rising levels of the STI – are you eligible?”
-
World Health Organization. “Gonococcal Antimicrobial Surveillance Programme (GASP).”
-
The Guardian. “‘World-first’ gonorrhoea vaccine to be rolled out in England and Wales.”
-
Medscape. “England to Launch World-First Gonorrhoea Vaccine Drive.”
-
BMJ. “Gonorrhoea: England rolls out “world first” vaccination programme.”




