აშშ-ის მთავრობა დანიას როლურ მოდელად მიიჩნევს და ახალ სავაქცინო პოლიტიკას სწორედ სკანდინავიური გამოცდილების საფუძველზე ცვლის. თუმცა, დანიელი ინფექციონისტი იენს ლუნდგრენი აფრთხილებს: “ამერიკა და დანია სრულიად განსხვავებული ქვეყნებია და ერთი მოდელის ბრმად გადმოღება შესაძლოა შეცდომა იყოს“.
ჟურნალმა Science-მა ინტერვიუ ჩაწერა კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პროფესორთან და დანიის ვაქცინაციის პროგრამის მრჩეველთან, რათა გაერკვია, რატომ ამბობს დანია უარს ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც აშშ-ში აქამდე სავალდებულო იყო.
ლუნდგრენის თქმით, დანიის “მინიმალისტური“ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მშობლების ფსიქოლოგიაა. “თუ კალენდარში ზედმეტად ბევრ ვაქცინას ჩასვამთ, ან ამას ძალიან სწრაფად გააკეთებთ, მშობლებმა შესაძლოა განიცადონ ე.წ. ვაქცინაციით გადაღლა (Vaccine Fatigue). ამ დროს ისინი იწყებენ აცრების არჩევას და შესაძლოა გამოტოვონ ისეთი კრიტიკული ვაქცინები, როგორიცაა წითელა, დიფტერია ან ყივანახველა,“ – განმარტავს ლუნდგრენი.
კითხვა-პასუხი იენს ლუნდგრენთან
Q: აშშ-მა ამოიღო 6 ვაქცინა, რომლებიც დანიაშიც არ კეთდება. დავიწყოთ B ჰეპატიტით. რატომ არ ცრით ახალშობილებს?
A: ჩვენ არ ვცრით ყველა ახალშობილს, რადგან დანიაში B ჰეპატიტის გავრცელება ძალიან დაბალია და გვაქვს ორსულთა სკრინინგის ეფექტური პროგრამა. ბავშვი იცრება მხოლოდ მაშინ, თუ დედა ინფიცირებულია. აშშ-ში სიტუაცია განსხვავებულია – იქ ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია (დაახლოებით 640 000 ზრდასრული), ამიტომ მასობრივ ვაქცინაციას იქ შესაძლოა აზრი ჰქონდეს.
Q: ანუ საკითხი მხოლოდ ფინანსურ ეფექტურობაშია?
A: არა მხოლოდ. მთავარია ბალანსი. მაგალითად, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ჩვენ შემოვიღეთ გრიპის ვაქცინა ბავშვებისთვის, მაგრამ დავინახეთ, რომ მშობლების მხრიდან ინტერესი დაბალი იყო. ამიტომ პროგრამიდან ამოვიღეთ, რათა არ გამოგვეწვია “ვაქცინური გადაღლა“. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ მშობლებმა უარი არ თქვან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აცრებზე (MMR, DTaP).
Q: რას იტყვით როტავირუსზე? ევროპის უმეტეს ქვეყნებში ის კეთდება.
A: როტავირუსის ვაქცინა ამჟამად არ არის რეკომენდებული დანიაში, თუმცა განხილვა მიმდინარეობს. როტავირუსი უსიამოვნოა, მაგრამ ჩვეულებრივ არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. ვაქცინას აქვს სარგებელი, მაგრამ ის არ არის “იდეალური“ და ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს.
Q: მენინგოკოკური დაავადება?
A: დანიაში ეს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზულ პრობლემას. შემთხვევები მცირდება (2024 წელს სულ 26 შემთხვევა იყო). მე გამიჭირდება ტელევიზიით გამოსვლა და მშობლების დარწმუნება, რომ მენინგოკოკზე აცრა აუცილებელია, როცა პრობლემა რეალურად არ გვაქვს. აშშ-ში კი 2024 წელს 500-ზე მეტი შემთხვევა იყო.
Q: მაშ, უნდა მიბაძოს თუ არა აშშ-მა დანიას?
A: ვაქცინაციის პროგრამა უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ პოპულაციაზე. აშშ უფრო მრავალფეროვანია და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა – არათანაბარი. დანიაში ასეთი უთანასწორობა არ გვაქვს. ვაქცინა საუკეთესო დაცვაა იქ, სადაც ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ, ჩემი აზრით, B ჰეპატიტის ვაქცინა აშშ-ში აუცილებელია, დანიაში – არა.
გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ექსპერტებმა და არა პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსების ჩარევამ კრიზისის დროს შესაძლოა ნდობა შეარყიოს.
CDC-მ ბავშვთა ვაქცინაციის კალენდარი შეცვალა: სავალდებულო სია 17-დან 11 დაავადებამდე შემცირდა




