შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი ვარიანტი ვრცელდება. ე.წ. “ციკადა“ (ოფიციალურად ცნობილი როგორც BA.3.2) პირველად სამხრეთ აფრიკაში 2024 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ბოლო ანგარიშის თანახმად, გასული შემოდგომიდან აშშ-ში ინფიცირების მაჩვენებლები ნელ-ნელა იზრდება, ხოლო თებერვლის მონაცემებით, ეს ვარიანტი უკვე 23 ქვეყანაში იყო აღმოჩენილი. CDC-ის გენომური ზედამხედველობის პროგრამამ ვარიანტი აშშ-ში პირველად გასული წლის ივნისში, ნიდერლანდებიდან ჩამოსულ მგზავრში გამოავლინა. CDC-ის 19 მარტს გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოგვიანებით შტამი დაფიქსირდა ოთხი მგზავრის ცხვირის ნაცხში, თვითმფრინავის ჩამდინარე წყლების სამ ნიმუშში, პაციენტების ხუთ კლინიკურ ნიმუშსა და 25 შტატის 132 ჩამდინარე წყლის ნიმუშში.
მეცნიერების ყურადღებას “ციკადა“ თავისი ძლიერ მუტირებული გენეტიკური თანმიმდევრობით იქცევს. კერძოდ, BA.3.2 ვარიანტის სპაიკ-ცილას (რომელსაც ვირუსი უჯრედებში შესაღწევად იყენებს) დაახლოებით 70-დან 75-მდე მუტაცია აქვს გასული შემოდგომის ვაქცინებში შემავალ შტამებთან (JN.1 და LP.8.1) შედარებით. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ “ციკადა“ ვარიანტს ანტისხეულებისთვის თავის არიდება შეუძლია, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ ის რეზისტენტული იყოს ვაქცინაციით ან წინა ინფექციით გამომუშავებული იმუნიტეტის მიმართ. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს მიმდინარე გენომური ზედამხედველობისა და ვაქცინების თუ ანტივირუსული პრეპარატების ეფექტიანობაზე დაკვირვების აუცილებლობას.
მიუხედავად ამ ლაბორატორიული მონაცემებისა, ობიექტური ეპიდემიოლოგიური სურათი ჯერჯერობით სტაბილურია. “ციკადა“ აშშ-ში კოვიდის შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილს – 2025 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2026 წლის 11 თებერვლამდე შეგროვებული სექვენირებული ნიმუშების 0.2%-ზე ნაკლებს შეადგენს. გარდა ამისა, ახალი ვარიანტი ჯერჯერობით ინფიცირების საერთო რაოდენობის ზრდასთან არ ასოცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი პანდემიის ადრეულ წლებთან შედარებით ნაკლებად მძიმეა, ის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის კვლავ საყურადღებო გამოწვევად რჩება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მართალია მსოფლიო მასშტაბით ტესტირებისა და აღრიცხვის მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა ვირუსი ყოველთვიურად მაინც ათიათასობით ჰოსპიტალიზაციასა და ათასობით ლეტალურ შემთხვევას იწვევს. მაგალითად, ბოლოდროინდელ საანგარიშო პერიოდებში (2025-2026 წლების მონაცემებით), გლობალურად 28-დღიან ინტერვალში საშუალოდ 140 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, 16 000-ზე მეტი ჰოსპიტალიზაცია და 4500-მდე სიკვდილი ფიქსირდება. ექსპერტების შეფასებით, შეზღუდული ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის გამო რეალური ციფრები სავარაუდოდ ბევრად მაღალია, რაც ვირუსის ევოლუციაზე უწყვეტი დაკვირვებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.




