აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ბავშვთა იმუნიზაციის კალენდარი შეცვალა. ახალი რეკომენდაციით, ვაქცინაცია რეკომენდებულია 11 დაავადების წინააღმდეგ, რაც 17-დან შემცირებულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ვაქცინაციის პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ცვლილებას ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის (HHS) მდივნის, რობერტ კენედი უმცროსის ხელმძღვანელობით.
რა შეიცვალა კალენდარში?
ახალი რეკომენდაციების თანახმად, CDC-მ შეავიწროვა სამიზნე ჯგუფები რამდენიმე ვირუსული და ბაქტერიული ინფექციისთვის. კერძოდ, შემდეგი ვაქცინები რეკომენდებული იქნება მხოლოდ ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ბავშვებისთვის:
-
RSV – რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი – გავრცელებული ვირუსი, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ინფექციებს და განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისთვის.
-
მენინგოკოკური დაავადება – ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მენინგიტი ან სეფსისი.
-
A ჰეპატიტი.
-
B ჰეპატიტი.
გარდა ამისა, გრიპის, COVID-19-ისა და როტავირუსის ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ ჯანდაცვის პროვაიდერთან (ექიმთან) კონსულტაციის შემდეგ.
საბოლოო ჯანმში, კალენდარი ასე ჩამოყალიბდა:
1. საყოველთაო რეკომენდაცია (ყველა ბავშვისთვის)
CDC აგრძელებს რეკომენდაციას იმ ვაქცინებზე, რომელთა ეფექტურობაზე არსებობს მყარი “საერთაშორისო კონსენსუსი”. სიაში შედის 11 დაავადება:
-
დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა (DTaP).
-
ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b (Hib).
-
პნევმოკოკური ინფექცია.
-
პოლიომიელიტი.
-
წითელა, წითურა, ყბაყურა (MMR).
-
ჩუტყვავილა (Varicella).
-
HPV (ადამიანის პაპილომავირუსი): მნიშვნელოვანი ცვლილებაა დოზირებაში – CDC გასცემს რეკომენდაციას ერთ დოზაზე, ნაცვლად ორისა.
2. მაღალი რისკის ჯგუფები
შემდეგი ვაქცინები რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს თანმხლები დაავადებები, სპეციფიკური რისკ-ფაქტორები ან იმყოფება ინფიცირების მაღალი საფრთხის ქვეშ:
-
RSV (რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი).
-
A ჰეპატიტი და B ჰეპატიტი.
-
დენგეს ცხელება.
-
მენინგოკოკური დაავადება (ACWY და B ტიპები).
3. ერთობლივი კლინიკური გადაწყვეტილება (Shared Clinical Decision-Making)
რიგი დაავადებებისთვის, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებს უჭირთ მკაფიოდ განსაზღვრონ ბენეფიციარები, გადაწყვეტილება მიიღება მშობლისა და ექიმის ინდივიდუალური კონსულტაციის შედეგად. ეს ეხება:
-
გრიპს (Influenza).
-
COVID-19-ს.
-
როტავირუსს.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები “სავალდებულო” სიიდან ამოვიდა, ისინი კვლავ სრულად ანაზღაურდება სადაზღვევო პროგრამების მიერ. Affordable Care Act-ის, Medicaid-ისა და Vaccines for Children პროგრამების ფარგლებში, ოჯახებს არ მოუწევთ თანხის გადახდა არცერთ იმ ვაქცინაში, რომელიც 2024 წლის ბოლოსთვის იყო კალენდარში (მათ შორის გრიპის ან კოვიდის ვაქცინებში).
გადაწყვეტილების საფუძველი და კრიტიკა
HHS-ის განცხადებით, რეკომენდაციები ეფუძნება აშშ-ის იმუნიზაციის პრაქტიკის ყოვლისმომცველ მეცნიერულ შეფასებას და პრეზიდენტ ტრამპის დირექტივას, რომელიც ითვალისწინებს “პარტნიორი განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას”. კონკრეტულ მაგალითად დასახელებულია დანიის ვაქცინაციის კალენდარი, რომელიც 10 დაავადებას მოიცავს, იაპონიის (14) და გერმანიის (15) მოდელები.
ექსპერტთა ნაწილი პროცესის გამჭვირვალობას ეჭვქვეშ აყენებს. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვაქცინაციის სამართლის ლექტორი, რიჩარდ ჰიუზი აღნიშნავს, რომ სააგენტოები ვალდებულნი არიან, გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ და არა თვითნებურად.
კლივლენდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის, დოქტორ დევიდ მარგოლიუსის თქმით, “უარეს შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტი დაბნეულობა, უნდობლობა და ვაქცინაციის მაჩვენებლის კლება”.
აღსანიშნავია, რომ CDC-ის მიერ რეკომენდებული ყველა ვაქცინა (მათ შორის მაღალი რისკის ჯგუფებისთვის) კვლავ დაიფარება დაზღვევის მიერ. საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლაში დაშვების მოთხოვნებთან დაკავშირებით ცალკეული შტატები იღებენ, თუმცა ისინი ტრადიციულად ფედერალურ რეკომენდაციებს ეყრდნობა.




