ორმოცდაათი წლის წინ, კეროლ ბეიკერმა ახალშობილების მომაკვდინებელი მიკრობისგან გადასარჩენად ორსული ქალების ვაქცინაციის იდეა წამოაყენა. ახლა, ეს იდეა განხორციელებას უახლოვდება.
ლესლი რობერტსმა, science.org-ზე სტეპტოკოკული ინფექციის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობა შეაჯამა. ეს სტატია მის პუბლიკაციაზე დაყრდნობით მომზადდა.
იოჰანესბურგი – როდესაც 1970-იანი წლების დასაწყისში კეროლ ბეიკერმა განაცხადა, რომ ნაკლებად ცნობილი პათოგენი ახალშობილებს საგანგაშო სისწრაფით კლავდა, მას ყური არავინ ათხოვა. ბოლოს და ბოლოს, ის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის პედიატრიის რეზიდენტი იყო, რომელსაც ახალი დამთავრებული ჰქონდა სამედიცინო სკოლა, სადაც ის 84-კაციან კლასში ერთ-ერთი იყო სულ ორი ქალიდან. გარდა ამისა, ბაქტერია, რომელსაც ის ასახელებდა – B ჯგუფის სტრეპტოკოკი (GBS) – ადამიანის პათოგენად არ ითვლებოდა. ის ძროხებში ცურის ინფექციებს იწვევდა. როგორ შეეძლო მას ბავშვების დახოცვა? “მიკრობიოლოგებმა, რომლებმაც ჩემზე მეტი იცოდნენ, მითხრეს, რომ შევიშალე”, – იხსენებს ის.

კეროლ ბეიკერი, რომელიც 1989 წელს ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ლაბორატორიაშია გადაღებული, პირველი იყო, ვინც B ჯგუფის სტრეპტოკოკის საწინააღმდეგო სამშობიარო ვაქცინაციის იდეა წამოაყენა. ფოტო: ბეილორის სამედიცინო კოლეჯის არქივი
კიდევ უფრო აბსურდული, მისი კოლეგების თქმით, იყო მისი 1976 წლის წინადადება, რომ ორსულობის გვიან ეტაპზე ქალების GBS-ზე (B ჯგუფის სტრეპტოკოკი) ვაქცინაციას შეეძლო ახალშობილების ამ მომაკვდინებელი დაავადებისგან გადარჩენა. 1960-იანი წლების დასაწყისის თალიდომიდის ტრაგედია ჯერ კიდევ ყველას კარგად ახსოვდა. რა მოხდებოდა, ვაქცინას დედისთვის ან ბავშვისთვის ზიანი რომ მიეყენებინა?
თალიდომიდის ტრაგედია: 1960-იანი წლების სამედიცინო კატასტროფაა, რა დროსაც ორსულებისთვის განკუთვნილმა, “უსაფრთხო” დამამშვიდებელმა და გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტმა, თალიდომიდმა, მსოფლიოში 10 000-ზე მეტი ბავშვის მძიმე თანდაყოლილი დეფექტებით (ძირითადად კიდურების ანომალიებით) დაბადება გამოიწვია. ამ მოვლენამ რადიკალურად შეცვალა წამლების კონტროლის წესები და, რაც მთავარია, ათწლეულების განმავლობაში დანერგა უდიდესი შიში და სიფრთხილე ორსულობის პერიოდში ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
“არავინ მისმენდა. ამან შთამაგონა”, – იხსენებს 84 წლის დოქტორი კეროლ ბეიკერი 50-წლიან ბრძოლას, რომელიც მან ახალშობილების “უხილავი მკვლელის”, B ჯგუფის სტრეპტოკოკის (GBS), წინააღმდეგ წამოიწყო. დღეს, მისი სიმართლე ეჭვს აღარ იწვევს.
B ჯგუფის სტრეპტოკოკი 3 თვემდე ასაკის ჩვილებში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არის აღიარებული. ის მსოფლიოში ყოველწლიურად 400 000-მდე ბავშვს აავადებს და სულ მცირე 91 000-ს კლავს, ძირითადად სეფსისისა და მენინგიტისგან. გადარჩენილებს კი ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნეიროგანვითარების მძიმე დარღვევები აღენიშნებათ. ამას ემატება ათიათასობით მკვდრადშობადობა და დღენაკლულობასთან დაკავშირებული გართულებები.
“არავინ მისმენდა. ამან შთამაგონა”
თუმცა, ბეიკერის ნახევარსაუკუნოვანი იდეა ორსულთა ვაქცინაციის შესახებ, დღეს რეალობად ქცევასთან ახლოსაა. 25 აგვისტოს, აშშ-ში, Pfizer-ის კანდიდატი ვაქცინის კვლევის ბოლო, მე-3 ფაზა დაიწყო. მას მალევე მოჰყვება კონკურენტი დანიური კომპანია MinervaX-იც. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამ ვაქცინებს უკვე უწოდა “გადაუდებელი საჭიროება”.
“ვაქცინას შეუძლია უზარმაზარი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე” – განსაკუთრებით სუბსაჰარულ აფრიკაში, რომელზეც GBS-ით გამოწვეული ნაყოფისა და ჩვილთა სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი მოდის, ამბობს შაბირ მადჰი, ვაქცინოლოგი ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტიდან (Wits). მადჰიმ ჩაატარა GBS ვაქცინის ორივე კანდიდატის გადამწყვეტი 1-ლი და მე-2 ფაზის კვლევები.

შაბირ აჰმედ მადჰი, CBE (დაიბადა 1966 წელს) – სამხრეთ აფრიკელი ექიმი, ვაქცინოლოგიის პროფესორი, ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტთან არსებული სამხრეთ აფრიკის სამედიცინო კვლევების საბჭოს რესპირატორული და მენინგეალური პათოგენების კვლევის განყოფილების დირექტორი და ეროვნული კვლევითი ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაქცინაციით პრევენცირებადი დაავადებების კვლევის კათედრის ხელმძღვანელი.
მაგრამ თუ იდეა ასეთი ძლიერი იყო, რატომ დასჭირდა მის განხორციელებას ნახევარი საუკუნე? მიზეზი რამდენიმე იყო: სოციალური ბარიერები (სექსიზმი და ორსულთა აცრის შიში), კომერციული ინტერესის ნაკლებობა ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან და მარეგულირებლებთან ხანგრძლივი კამათი.
თუმცა, ყველაზე დიდ დაბრკოლებას, ალბათ, თავად დაავადების “უხილავი” ბუნება წარმოადგენდა. GBS-ის დიაგნოსტირება იშვიათად ხდებოდა, ხოლო მკვდრადშობადობას სხვა მიზეზებს აწერდნენ. როგორც ექიმი შაბირ მადჰი ამბობს, “ადამიანები მონაცემების არარსებობას დაავადების არარსებობად აღიქვამენ”. სწორედ ამიტომ, პრობლემის რეალური მასშტაბი წლების განმავლობაში შეუფასებელი რჩებოდა.
სწორედ ამ ნახევარსაუკუნოვანი დაგვიანების გამოა, რომ დოქტორი ბეიკერი, მიუხედავად იმისა, რომ მისი კოლეგები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ფრთხილობს. ის “დავიჯერებ, როცა ვნახავ” პოზიციაზეა, რადგან იცის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება გართულდეს. მისი თქმით, ამ ხანგრძლივი გზის ყველაზე სევდიანი ნაწილი დაკარგული დრო და ის ათასობით ბავშვია, რომელთა გადარჩენაც შეიძლებოდა.
ბეიკერი 6 წლის იყო, როდესაც განაცხადა, რომ ექიმი უნდოდა გამხდარიყო, მას შემდეგ, რაც მცირე ხნით მეხანძრეობაზე ფიქრობდა. “შენ ექიმი ვერ გახდები”, – უთხრეს მასწავლებლებმა. “მაგრამ შეგიძლია ექთანი გახდე”.
ის 22 წლის ასაკში ბეილორში ჩაირიცხა. ჰიუსტონის საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში ადრეული როტაციის დროს, მან ნახა “ლამაზი, დროული ჩვილები, რომლებიც ერთ-ორ დღეში სუნთქვისთვის იბრძოდნენ, ლურჯდებოდნენ და სეფსისით ან პნევმონიით იღუპებოდნენ”, – ამბობს ის. იმ დროინდელი დოგმის თანახმად, დამნაშავე გავრცელებული ბაქტერია Escherichia coli იყო, მაგრამ როდესაც ბეიკერმა მიკრობები დათესა და შეღება, მუქმა ლურჯმა ფერმა აჩვენა, რომ ისინი გრამდადებითი იყვნენ, რაც E. coli-ს გამორიცხავდა. “მაგრამ გამოძიების უფლება არ მქონდა”, – ამბობს ის. ამიტომ ის ღამეებსა და შაბათ-კვირას მუშაობდა, იღებდა ნიმუშებს ჩვილებისგან და ფირფიტებს თავისი ბინის კარადაში ინახავდა.
ბაქტერია Streptococcus-ს ჰგავდა, იხსენებს ბეიკერი, მაგრამ არა ნაცნობ A ჯგუფის ტიპს, რომელიც ყელის ტკივილს იწვევს. ის ეჭვობდა B ჯგუფზე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პათოგენზე, რომელიც 1930-იან წლებში რამდენიმე ქალში დაავადებასთან იყო დაკავშირებული. 1971 წელს მან 13 კულტურა გაუგზავნა Streptococcus-ის ექსპერტ რებეკა ლენსფილდს, როკფელერის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორს. თორმეტი მათგანი აღმოჩნდა III ტიპის GBS, რომელიც ახლა GBS-ის 10 სეროტიპიდან ყველაზე ვირულენტურად ითვლება. აღფრთოვანებულმა ლენსფილდმა ბეიკერი 1972 წელს 6-კვირიანი ვიზიტით როკფელერში მიიწვია. ამან ბეიკერის კარიერა შეცვალა. “ის ჩემი ერთადერთი მენტორი იყო”, – ამბობს ის. ჰიუსტონში დაბრუნების შემდეგ, ლენსფილდის წერილით, ბეიკერს საბოლოოდ მისცეს GBS-ის შესწავლის უფლება: “მე ოფიციალურად აღარავინ მაიგნორებდა”.
მალე, GBS აშშ-ის ახალშობილებსა და მცირეწლოვან ჩვილებში სეფსისისა და მენინგიტის ყველაზე ხშირ მიზეზად აღიარეს. ის აღმოჩნდა საოცრად მრავალმხრივი პათოგენი, რომელსაც შეუძლია საშოს ტრაქტზე მიმაგრება, ეპითელურ უჯრედებში შეღწევა და პლაცენტასა და ტვინში შეჭრა. მას ასევე შეუძლია ჩვილის სისხლის მიმოქცევაში მოხვედრა მშობიარობის დროს შესუნთქვის ან ჩაყლაპვის შემდეგ.
გლობალურად, ქალების დაახლოებით 15% GBS-ს სასქესო ტრაქტსა და სწორ ნაწლავში სიმპტომების გარეშე ატარებს. ბავშვები, როგორც წესი, ბაქტერიას მშობიარობის დროს ხვდებიან, მაგრამ ნაყოფი შეიძლება მუცლადყოფნის პერიოდშიც დაინფიცირდეს. ბეიკერმა და ორმა სხვა ჯგუფმა ბავშვებში GBS დაავადების ორი ფორმა გამოავლინეს: ადრეული, რომელიც სიცოცხლის პირველ 6 დღეში ვითარდება და ჩვეულებრივ სეფსისით ვლინდება; და გვიანი, რომელიც დაბადებიდან 7-დან 90 დღემდე პერიოდში იჩენს თავს და, როგორც წესი, იწვევს მენინგიტს, რამაც შეიძლება მძიმე ნეიროგანვითარების დაზიანება გამოიწვიოს. GBS-ს შეუძლია დაავადება ორსულ ქალებშიც გამოიწვიოს.
თუმცა, GBS-ის მატარებელი ქალებისგან დაბადებული ბავშვების მხოლოდ 1-2% ავადდება. ბეიკერმა, რომელიც პოსტდოქტორანტად მუშაობდა დენის კასპერთან ბოსტონის საქალაქო საავადმყოფოსა და ჰარვარდის უნივერსიტეტში, დაადგინა: ქალები, რომლებსაც მიკრობის წინააღმდეგ ბუნებრივად შეძენილი ანტისხეულების შედარებით მაღალი დონე ჰქონდათ, ჯანმრთელ ბავშვებს შობდნენ. როდესაც დედის ანტისხეულების დონე დაბალი იყო, ახალშობილები დაავადების რისკის ქვეშ იყვნენ, რადგან მათ მოუმწიფებელ იმუნურ სისტემას არ შეეძლო სიცოცხლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში დამცავი ანტისხეულების გამომუშავება.
ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებდა, რომ ორსულობის გვიან ეტაპზე გაკეთებულ ვაქცინას შეეძლო დედის ანტისხეულების მაღალი დონის გამოწვევა, რაც ბავშვს დაიცავდა, ამტკიცებდნენ ბეიკერი და კასპერი 1976 წელს “The New England Journal of Medicine”-ში გამოქვეყნებულ, ახლა უკვე კლასიკად ქცეულ ნაშრომში. ბეიკერის ადრეული ნაშრომი “იყო ყველა სამშობიარო ვაქცინაციის საფუძველი”, – ამბობს კირსტი ლე დოარი, ვაქცინოლოგი ლონდონის წმინდა გიორგის უნივერსიტეტიდან და ჯანმო-ს ტექნიკური მრჩეველი სამშობიარო იმუნიზაციის საკითხებში.
ბეიკერსა და კასპერს 2 ათწლეული დასჭირდათ მოქმედი ვაქცინის შესაქმნელად. თავდაპირველად ისინი იმედოვნებდნენ, რომ მას ბაქტერიის გარსზე (კაფსულაზე) დააფუძნებდნენ, რომელიც განმეორებადი შაქრებისგან, ანუ პოლისაქარიდებისგან, შედგებოდა. მათ აღმოაჩინეს, რომ კაფსულა შეიცავდა სიალის მჟავას, შაქარს, რომელსაც ადამიანის იმუნური სისტემა ცნობს და ანტისხეულების გამომუშავებას ასტიმულირებს. მიუხედავად ამისა, კაფსულაზე დაფუძნებულმა კანდიდატმა ვაქცინებმა ჯანმრთელ ზრდასრულებში მუდმივად საკმარისად მაღალი ანტისხეულების დონე ვერ გამოიწვია.
პრობლემა ის იყო, რომ ბაქტერიის შაქრის გარსი (პოლისაქარიდული კაფსულა), რომელზეც იმუნიტეტი უნდა გაწვრთნილიყო, ჩვილების იმუნური სისტემისთვის ფაქტობრივად “უხილავი” იყო და ძლიერ პასუხს ვერ იწვევდა.
გამოსავლის პოვნაში მათ სხვა, HIB (Haemophilus influenzae ტიპი b) ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატება დაეხმარა. HIB-ის ვაქცინის შემქმნელებმა გენიალური ხერხი მოიფიქრეს: მათ ეს “უხილავი” შაქრის გარსი დააკავშირეს დიდ, კარგად ნაცნობ ცილასთან. ამ ხრიკის წყალობით, იმუნური სისტემა ადვილად ამჩნევდა ცილას, მასზე რეაგირებდა და ამ პროცესში, მასზე “მიბმულ” შაქრის გარსსაც “იმახსოვრებდა”. ამ ტექნოლოგიას “კონიუგირებული ვაქცინა” ეწოდება.
სწორედ ამ პრინციპით, 1996 წელს ბეიკერმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს B ჯგუფის სტრეპტოკოკის (GBS) კონიუგირებული ვაქცინა. მათ ბაქტერიის შაქრის გარსი ტეტანუსის ტოქსინის უსაფრთხო, ინაქტივირებულ ვერსიას “მიაბეს”, რამაც გამოიწვია მძლავრი იმუნური პასუხი, რომელიც საკმარისად ძლიერი ჩანდა ახალშობილების დასაცავად.
მაგრამ “დიდი ფარმა” დაინტერესებული არ იყო. მხოლოდ ორსულ ქალებზე გათვლილი ერთჯერადი ვაქცინის ბაზარი ძალიან მცირე იყო, აცხადებდნენ კომპანიები. და ისინი წუხდნენ პასუხისმგებლობის საკითხებზე, თუ ვაქცინა გართულებებს გამოიწვევდა. “მეცნიერებას არ შეუფერხებია ვაქცინა… ჩვენ ყველა საჭირო სამეცნიერო მონაცემი გვქონდა”, – ამბობს ბეიკერი.
ვაქცინის გარეშეც, ადრეული დაავადების ზარალმა 1990-იან წლებში კლება დაიწყო აშშ-ში, სადაც სულ უფრო მეტ ორსულ ქალს უტარებდნენ სკრინინგს GBS-ზე მესამე ტრიმესტრში ვაგინალური და რექტალური ნაცხების გამოყენებით. ქალები, რომლებსაც დადებითი პასუხი ჰქონდათ, მშობიარობის დროს იღებდნენ ინტრავენურ ანტიბიოტიკებს ბავშვზე გადაცემის თავიდან ასაცილებლად. 2002 წელს, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ყველა ორსული ქალის ამგვარად სკრინინგისკენ მოუწოდა.
“დანერგვა სასიხარულოდ სწრაფი იყო”, – ამბობს ეპიდემიოლოგი სტეფანი შრაგი, რომელიც CDC-ის GBS პროგრამას 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, სანამ აპრილში პენსიაზე გავიდოდა. აშშ-ში ადრეული GBS-ის შემთხვევები 90-იანი წლების დასაწყისიდან 80%-ზე მეტით შემცირდა. “მე ვამაყობ ამით”, – ამბობს ბეიკერი, რომელიც ამ პროცესში მჭიდროდ იყო ჩართული. ბევრმა მდიდარმა ქვეყანამ ეს მიდგომა მიიღო.
მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ანტიბიოტიკებისგან დაცვა ხანმოკლეა, ამიტომ გვიანი დაავადების სიხშირე არ შეცვლილა. არც სკრინინგისა და მკურნალობის მიდგომა იცავს მკვდრადშობადობისა და დღენაკლულობისგან. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს არ შეუძლიათ ყველა ორსული ქალის ტესტირება და ბევრს არ აქვს წვდომა ახალშობილთა ინტენსიურ თერაპიაზე, რათა ავადმყოფი ბავშვები გადაარჩინონ. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სამშობიარო ვაქცინა – ხელმისაწვდომ ფასად – სასწრაფოდ საჭიროა, ამბობს მადჰი.
მადჰის უკვე ნანახი ჰქონდა სამშობიარო ვაქცინაციის ძალა სხვა დაავადების, ახალშობილთა ტეტანუსის, წინააღმდეგ. 1980-იან წლებში, პედიატრად პრაქტიკის დროს, ის ხედავდა, როგორ იღუპებოდა ბევრი ბავშვი ამ ინფექციით, რომელიც, როგორც წესი, არასანიტარული სამშობიარო ინსტრუმენტებით გადაეცემოდა. “ეს გულისმომკვლელი იყო”, – ამბობს მადჰი, რომელიც Wits-ის ვაქცინებისა და ინფექციურ დაავადებათა ანალიტიკის კვლევით განყოფილებას (Wits VIDA) ხელმძღვანელობს. გლობალურმა კამპანიამ, რომელიც ორსულ ქალებს მესამე ტრიმესტრში ტეტანუსის ვაქცინის ორ დოზას სთავაზობდა, გამოიწვია ახალშობილთა ტეტანუსით სიკვდილობის მკვეთრი შემცირება – 1980-იან წლებში დაახლოებით 750 000 შემთხვევიდან დღეს უკვე 50 000-ზე ნაკლები შემთხვევაა.
ათი წლის შემდეგ, ექიმმა შაბირ მადჰიმ აღმოაჩინა, რომ B ჯგუფის სტრეპტოკოკი სამხრეთ აფრიკაშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მის მიერ ჩატარებულმა პირველმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ყოველ 1000 ახალშობილზე დაავადების სამი შემთხვევა მოდიოდა.
თუმცა, სამეცნიერო ჟურნალის რეცენზენტები შედეგებს სკეპტიკურად შეხვდნენ. მადჰის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ რეცენზენტების უმეტესობა მაღალშემოსავლიანი ქვეყნებიდან იყო, სადაც სკრინინგის პროგრამების წყალობით, GBS-ის ასეთ მაღალ მაჩვენებლებს უბრალოდ ვეღარ ხედავდნენ და პრობლემის მასშტაბს ვერ აფასებდნენ.
წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაშრომი საბოლოოდ 2003 წელს გამოქვეყნდა.
მადჰის გუნდისა და სხვა მკვლევრების კვლევებმა აჩვენა, რომ B ჯგუფის სტრეპტოკოკის გავრცელება მსოფლიოში არათანაბარია. დაავადების ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა სუბსაჰარულ აფრიკაში, ასევე ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.
ეს განსხვავებები მხოლოდ ქვეყნებს შორის არ არის. აშშ-სა და სხვა მაღალშემოსავლიან ქვეყნებშიც კი, მონაცემები აჩვენებს, რომ შავკანიან ქალებში ბაქტერიის მატარებლობა უფრო ხშირია, ვიდრე თეთრკანიანებში, რის გამოც მათი ახალშობილებიც დაავადების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იწვევს ამ გეოგრაფიულ და რასობრივ უთანასწორობას. ამასობაში, კვლევები გრძელდება, რათა დადგინდეს GBS-ით გამოწვეული ზიანის სრული, აქამდე შეუფასებელი მასშტაბი.

“B ჯგუფის სტრეპტოკოკის ვაქცინას შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე”, – ამბობს ვაქცინოლოგი შაბირ მადჰი (მარცხნივ). ფოტო: GULSHAN KHAN/THE NEW YORK TIMES VIA REDUX
სოვეტოში, კრის ჰანი ბარაგვანათის საავადმყოფოს მორგში, Wits VIDA-ს კვლევითი გუნდის ორი წევრი, პალესა მაკეკენგი და კეიტუმეტსე სეთაბელა, საქმისთვის ემზადება. მათ წინ არის წინა დღეს მკვდრადშობილი, თმიანი ახალშობილის სხეული. მშობლების თანხმობით, მათ უნდა დაადგინონ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი სპეციალური პროცედურის, “მინიმალურად ინვაზიური ქსოვილის ნიმუშის აღების” საშუალებით.
პროცედურა უდიდესი სიზუსტით მიმდინარეობს. სხეულის გაზომვისა და სტერილიზაციის შემდეგ, მკვლევრები ნემსების საშუალებით იღებენ თავ-ზურგ-ტვინის სითხისა და სისხლის ნიმუშებს, რასაც მოჰყვება ქსოვილის მცირე ნიმუშების აღება ღვიძლიდან, ფილტვებიდან და ტვინიდან. აღებული ნიმუშები დაახლოებით 120 პათოგენზე, მათ შორის B ჯგუფის სტრეპტოკოკზე, შემოწმდება. როგორც მაკეკენგი აღნიშნავს, რომელიმე ბაქტერიის აღმოჩენა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სწორედ ის იყო სიკვდილის მიზეზი – საბოლოო დასკვნას ექსპერტთა ჯგუფი გამოიტანს.
“რატომ უნდა ჩაითვალოს ბავშვი, რომელიც დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე კვდება, ნაკლებად, ვიდრე ბავშვი, რომელიც დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კვდება?” – ეს კითხვა, რომელიც ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პედიატრმა, ჯოი ლოუნმა, დასვა, GBS-ის კვლევის მთავარ პრობლემას ეხებოდა. წლების განმავლობაში, ადრეული კვლევები მხოლოდ მდიდარ ქვეყნებზე იყო ფოკუსირებული და, რაც მთავარია, სიკვდილიანობის შეფასებისას თითქმის ყოველთვის უგულებელყოფდნენ მკვდრადშობადობას.
სწორედ ამ “უხილავი” ტვირთის გამოსავლენად დაიწყო ორი უმნიშვნელოვანესი კვლევა. ერთ-ერთია თავად ლოუნისა და მისი კოლეგის, ანა სილის, მიერ ჩატარებული გლობალური ანალიზი. მათმა გუნდმა პირველად შეაფასა GBS-ით გამოწვეული ზარალის რეალური მასშტაბი და აჩვენა, რომ GBS ყოველწლიურად არა მხოლოდ 91 000 ჩვილის სიკვდილს, არამედ დამატებით 46 000 მკვდრადშობადობასაც იწვევს. მეორე კი გეითსის ფონდის მიერ დაფინანსებული CHAMPS-ის კვლევაა, რომელიც 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზებს სწავლობს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
CHAMPS-ის კვლევამ ეს სურათი კიდევ უფრო დააკონკრეტა. მათი მონაცემებით, კვლევაში ჩართულ ქვეყნებში მკვდრადშობადობის 2.3% პირდაპირ B ჯგუფის სტრეპტოკოკით იყო გამოწვეული, თუმცა ეს მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით განსხვავდებოდა. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ 3 თვემდე ასაკის ბავშვებში ყოველი 37-ე გარდაცვალების მიზეზი სწორედ GBS იყო.
B ჯგუფის სტრეპტოკოკი, როგორც ჩანს, დღენაკლულობასთანაც არის დაკავშირებული. 2022 წლის ანალიზის მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაფიქსირებული 15 მილიონი დღენაკლულობიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი შესაძლოა GBS-ს უკავშირდებოდეს. თუმცა, თავად ავტორები აღიარებენ, რომ ეს შეფასება ჯერჯერობით ზუსტი არ არის, რადგან დღენაკლულობაში GBS-ის როლის დადგენა ძალიან რთულია. ეს კავშირი განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან სწორედ დღენაკლულობასთან დაკავშირებული გართულებებია 5 წლამდე ბავშვების სიკვდილის მთავარი მიზეზი.
B ჯგუფის სტრეპტოკოკის მიერ მიყენებული ზიანის სრული სურათი ჯერ კიდევ ირკვევა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ, როგორც ექიმი შაბირ მადჰი ამბობს, “ადამიანები მონაცემების არარსებობას დაავადების არარსებობად აღიქვამენ”. ერთ-ერთი ასეთი “უხილავი” ზიანი დაავადების ნეიროგანვითარებაზე გრძელვადიანი გავლენაა, რომელსაც სპეციალური კვლევები სწავლობს.
ამ კვლევის ერთ-ერთი მონაწილეა 1.5 წლის კანანელო. მისი 20 წლის დედა, ჯენიფერ მანკაე, იხსენებს იმ შიშს, როდესაც კანანელო 2023 წელს დღენაკლული დაიბადა და სუნთქვისთვის იბრძოდა. სამკვირიანი ინტენსიური თერაპიის შემდეგ მას GBS ინფექცია დაუდგინდა, რომლის შესახებაც დედას მანამდე არასდროს სმენოდა. “მეშინოდა, რომ მოკვდებოდა”, – ამბობს ის. დღეს კანანელო ტიპური, ცელქი ბავშვია და ჯენიფერი ამბობს, რომ შვილის ჯანმრთელობაზე აღარ წუხს.
მაგრამ სწორედ აქ იმალება GBS-ის კიდევ ერთი “უხილავი” საფრთხე. ბოლოდროინდელმა მრავალეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ GBS-გადატანილ ბავშვებს ნეიროგანვითარების რაიმე ფორმის დაქვეითების 70%-ით გაზრდილი რისკი აქვთ. შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 40 000-მდე გადარჩენილ ბავშვს უვითარდება ზომიერი ან მძიმე დარღვევები, მათ შორის ცერებრული დამბლა, მხედველობის, მოტორული უნარებისა და მეტყველების პრობლემები.
კვლევის თანაავტორის, ზიად დანგორის თქმით, ყველაზე “გასაკვირი და მოულოდნელი” ის იყო, რომ ეს გრძელვადიანი ეფექტები არა მხოლოდ მენინგიტის, არამედ ბევრად უფრო გავრცელებული GBS სეფსისის გადარჩენილებშიც გვხვდება. ეს კი ნიშნავს, რომ დაავადების მიერ გამოწვეული ნევროლოგიური პრობლემების რეალური მასშტაბი აქამდე მნიშვნელოვნად შეუფასებელი იყო.

ზიად დანგორი ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს კვლევას, რომელიც B ჯგუფის სტრეპტოკოკით ინფიცირების შემდეგ გადარჩენილ ბავშვებში ნევროლოგიურ განვითარებას შეისწავლის. ფოტო: ოუპა ნკოსი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დასკვნით, სამართლიან ფასად ხელმისაწვდომ სამშობიარო ვაქცინას ამ ზარალის დიდი ნაწილის თავიდან აცილება შეუძლია. ამ იდეას მხარს უჭერს “გავი” (ვაქცინების ალიანსი), რომელიც ღარიბ ქვეყნებს ვაქცინებით ამარაგებს.
ამასთან, საზოგადოებრივი შფოთვა ორსულთა ვაქცინაციის შესახებ, რომელიც თალიდომიდის ტრაგედიამ გამოიწვია, მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეს ორსულებს რუტინულად ცრიან გრიპზე, ტეტანუსზე და კოვიდ-19-ზეც კი.
თუმცა, B ჯგუფის სტრეპტოკოკის (GBS) ვაქცინა მაინც გარღვევა იქნება, რადგან აქამდე არსებული ვაქცინების უმეტესობა, პირველ რიგში, დედის დასაცავად გამოიყენებოდა. GBS-ის ვაქცინა კი პირველი იქნება, რომელიც სპეციალურად ახალშობილის დასაცავად შეიქმნა დედის იმუნიზაციის გზით.
ამჟამად, რბოლაში ორი მთავარი კანდიდატია:
- Pfizer-ის ვაქცინა: ის უკვე კვლევის მე-3, ფინალურ ფაზაშია. ეფუძნება იმავე “კონიუგირებულ” ტექნოლოგიას, რომელზეც ბეიკერი მუშაობდა და მიზნად ისახავს დაიცვას GBS-ის 6 შტამისგან, რომლებიც დაავადების შემთხვევების 98%-ს იწვევს. პროექტს გეითსის ფონდი აფინანსებს, იმ პირობით, რომ Pfizer-ი ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინას ხელმისაწვდომს გახდის.
- MinervaX-ის ვაქცინა: ეს დანიური კომპანია განსხვავებულ, ცილებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც, კომპანიის თქმით, GBS-ის ყველა შტამის წინააღმდეგ უნდა იყოს ეფექტიანი. MinervaX-ი ასევე გვპირდება, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის.
კვლევის პირველმა ფაზებმა აჩვენა, რომ ორივე კანდიდატი ვაქცინა უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს. თუმცა, მეცნიერები უდიდეს დაბრკოლებას წააწყდნენ: სტანდარტული, მე-3 ფაზის კვლევისთვის, რომელიც ვაქცინის ეფექტიანობას საბოლოოდ დაამტკიცებდა, საჭირო იქნებოდა დაახლოებით 100 000 ორსული ქალის ჩართვა, 10 წელი და 1 მილიარდი დოლარი. მიზეზი ისაა, რომ GBS, მიუხედავად მისი სიმძიმისა, საკმარისად ხშირი არ არის, რომ უფრო მცირე კვლევაში მისი პრევენციის ეფექტი სტატისტიკურად გამოჩნდეს. Pfizer-ის წარმომადგენლის, ანალიზა ანდერსონის, თქმით, ეს “შეუძლებელი” ამოცანა იყო.
ამიტომ, მეცნიერებმა მარეგულირებლებს ალტერნატიული, უფრო სწრაფი გზა შესთავაზეს: იმის ნაცვლად, რომ დალოდებოდნენ, დაავადდებოდა თუ არა ვინმე, მათ ითხოვეს, ვაქცინის ეფექტიანობა შეფასებულიყო “სეროლოგიური მარკერით” – ანუ, დადასტურებულიყო, რომ ვაქცინა დედის ორგანიზმში ანტისხეულების საკმარისად მაღალ დონეს ქმნის, რომელიც ბავშვს სიცოცხლის პირველი 3 თვის განმავლობაში დაიცავს. ასეთი კვლევა ბევრად ნაკლებ მონაწილეს მოითხოვს.
მიუხედავად მარეგულირებლების სიფრთხილისა, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, გასულ თვეს Pfizer-მა საბოლოოდ მიიღო უფლება, დაიწყოს თავისი კვლევა. მასში დაახლოებით 6000 ჯანმრთელი ორსული ქალი და მათი ჩვილი მიიღებს მონაწილეობას, ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი სამხრეთ აფრიკასა და სხვა ქვეყნებში. კვლევის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება, კონკურენტი კომპანია MinervaX კი თავისი კვლევის დაწყებას 2026 წელს ელის.
მომავლის გამოწვევები
თუმცა, ვაქცინის საბოლოო დამტკიცება ბრძოლის დასასრული არ იქნება. ექსპერტები მის დანერგვასთან დაკავშირებით რამდენიმე მთავარ გამოწვევას ასახელებენ:
- ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმი: მდიდარ ქვეყნებში, განსაკუთრებით აშშ-ში, ვაქცინა მზარდ “ვაქცინურ ყოყმანს” შეეჯახება.
- ცნობიერების ნაკლებობა: დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც საჭიროება ყველაზე დიდია, მთავარი პრობლემა GBS-ის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა იქნება. როგორც ექსპერტი მიშელ გრუმი აღნიშნავს, “პნევმონიისა და დიარეის ვაქცინების საჭიროება ნათელი იყო, რადგან სიმპტომები ხილული იყო. მაგრამ GBS უხილავია. ბავშვები მკვდრები იბადებიან ან დაბადებიდან მალევე კვდებიან”.
- ლოგისტიკური ბარიერები: კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ანტენატალური ვიზიტების სიხშირე და ოჯახის წევრების თანხმობა, რაც დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხშირად პრობლემას წარმოადგენს.
კეროლ ბეიკერის მემკვიდრეობა
მიუხედავად ყველა ამ გამოწვევისა, სამეცნიერო საზოგადოება იმედოვნებს, რომ B ჯგუფის სტრეპტოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა 84 წლის კეროლ ბეიკერის სიცოცხლეში გახდება ხელმისაწვდომი. “ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი”, – ამბობს ერთი ექსპერტი, “მაგრამ ჩვენ უნდა მივიყვანოთ ვაქცინა ფინიშამდე კეროლის სიცოცხლეში”, – დასძენს მეორე.
თავად ბეიკერი, რომელიც კვლავ აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო ცხოვრებაში, აღფრთოვანებულია, რომ მეცნიერთა ახალმა თაობამ, რომლის შთაგონების წყაროც თავად იყო, მისი საქმე იკისრა. “მე ბევრი ბარიერის გარღვევა მომიწია”, – ამბობს ის. “წარმოუდგენელი პროგრესი იყო. მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა”.

2019 წელს ექიმმა კეროლ ბეიკერმა ვაქცინოლოგიის სფეროში ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, ალბერტ საბინის ოქროს მედალი, მიიღო თავისი პიონერული მოღვაწეობისთვის, რომელიც ახალშობილებში B ჯგუფის სტრეპტოკოკით (GBS) გამოწვეული დაავადების კვლევასა და სამშობიარო ვაქცინაციის ადვოკატირებას ეძღვნებოდა




